უვიზო მიმოსვლით ევროპაში მილიონზე მეტმა ქართველმა ისარგებლა
უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების ფარგლებში ევროპის ქვეყნებში თავისუფლად მოგზაურობის შესაძლებლობით მილიონზე მეტმა ქართველმა ისარგებლა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნიკოლას სენდროვიჩმა განაცხადა. სენდროვიჩმა საქართველოს მოქალაქეების კითხვას უპასუხა, რომელიც ეხებოდა საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის ევროკავშირის პარტნიორობას და როგორ გააძლიერებს ამ პარტნიორობას საქართველოს კანდიდატის სტატუსი.
როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა აღნიშნა, ევროკავშირის ყველა პარტნიორს შორის, საქართველო ერთ სულ მოსახლეზე ერთ-ერთ უმაღლესი დონის დახმარებას იღებს და ამჟამად ჩვენ ყოველწლიურად საქართველოს მისი ამბიციური რეფორმების დღის წესრიგის მხარდასაჭერად 85 მილიონ ევრომდე საგრანტო სახსრებს ვაძლევთ.
“ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად მუშაობს ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის განსახორციელებლად, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირმა უკვე მოახდინა საჯარო და კერძო ინვესტიციების სახით 1,9 მილიარდი ევროს მობილიზება ციფრული, ენერგეტიკული და სატრანსპორტო კავშირების გასაძლიერებლად როგორც საქართველოში, ასევე საქართველოსა და ევროკავშირს შორის და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად.
ევროკავშირი ხელს უწყობს საქართველოს ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას, საქართველოს მოქალაქეებისთვის ქმნის დასაქმების შესაძლებლობებს, ადამიანებს ციფრული ტექნოლოგიების საშუალებით და ფიზიკურად აკავშირებს, საბოლოო ჯამში, საქართველოში ცხოვრების გასაუმჯობესებლად”, – განაცხადა სენდროვიჩმა.
მისივე თქმით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის წყალობით ევროკავშირსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ინტეგრაციის ზრდა გაგრძელდება, რადგან საქართველო თავის კანონმდებლობას, კანონებსა და სტანდარტებს ევროკავშირის კანონმდებლობასთან აახლოებს. ევროკავშირთან მეტი დაახლოებით კი, საქართველო ევროკავშირის მომავალზე ორიენტირებული კანონმდებლობისგან სარგებელს მიიღებს ბევრ სფეროში, როგორიცაა ევროკავშირის მწვანე შეთანხმება, საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკა, კანონი ხელოვნური ინტელექტის შესახებ და მრავალი სხვა, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების, ექსპერტიზის, ინოვაციებისა და ფინანსური მხარდაჭერის საშუალებით.