ახალი ამბები

როდის დასრულდება გზების რეაბილიტაცია თელავში – ინტერვიუ მერთან

ბოლო პერიოდში, თელავში გადათხრილი გზები თვალშისაცემია, რომელიც ზამთარში გადაადგილების პრობლემას ქმნის, ზაფხულში კი მოსახლეობას მტვრით აწუხებს.

აღნიშნულ საკითხზე კითხვებით Knews.ge-მ თელავის მუნიციპალიტეტის მერს, ლევან ანდრიაშვილს მიმართა. მისი განმარტებით, გზებზე განხორციელებულ ყველა პროექტს თან ახლავს შიდა კომუნიკაციების რეაბილიტაციაც, რომელიც დროს მოითხოვს.

ანდრიაშვილის თქმით, არის შემთხვევები, როცა რომელიმე კონკრეტული პროექტი დროში იწელება, თუმცა ეს კეთდება მხოლოდ საქმის ხარისხიანად შესრულებისთვის.

,,ბოლო ორი წლის განმავლობაში, ქალაქ თელავსა და მუნიციპალიტეტში, დიდი ყურადღება ექცევა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. გასულ წელს დაახლოებით 21 კილომეტრის გზის საფარი მოვაწესრიგეთ, როგორც ქალაქში, ასევე სოფლებში. ამაზე 14 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.
გზების ნაწილი კი ამჟამად რეაბილიტაციის პროცესშია. მაგალითად, რობაქიძის ქუჩაზე, კეთდება საკმაოდ გრძელი და მჭიდროდ დასახლებული გზა, ასევე ხდება მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაცია. ასევე, უახლოეს დღეებში დაიწყება სარაჯიშვილის და სვიმონიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია. წელსაც დიდია აქცენტი ქალაქზე და 18-მდე ქუჩის რეაბილიტაციას მოვახდენთ.
გარდა ამისა, სულ მალე ვიწყებთ ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციას და ესეც არის საკმაოდ დატვირთული და მჭიდროდ დასახლებული ქუჩა. აქ იგეგმება ასევე ასფალტის საფარის, მიწისქვეშა კომუნიკაციების და ტროტუარების შეკეთება. მინდა დავპირდე ყველას, რომ ქალაქის ყველა ცენტრალური ქუჩა და მონაკვეთი იქნება მოწესრიგებული.
მე მესმის მოქალაქეების უკმაყოფილება. როდესაც მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლა ხდება, სადაც შემდეგ უნდა გაკეთდეს ასფალტის ორი ფენის დაგება, ეს დროს მოითხოვს და ხშირად არის ხოლმე, რომ მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს, რატომ არის გზა გადათხრილი და რატომ არ კეთდება დროულად. თუ მიწისქვეშა კომუნიკაციები არ მოწესრიგდა, იქ ასფალტის დაგება არ შეიძლება. მაგალითად, რობაქიძის და თამარის ქუჩების კვეთაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, საკმაოდ დიდი სამუშაოების ჩატარება გახდა საჭირო, რომ წყალარინების სისტემა და მიწისქვეშა მსხვილდიამეტრიანი არხები შეგვეცვალა. ამანც გამოიწვია გზის რეაბილიტაციის გარკვეული პერიოდით შეფერხება მაგრამ, მთავარია, რომ მოწესრიგდება და იქნება კარგი და რეაბილიტირებული ქუჩა.
გარდა ამისა, არის ხოლმე შემთხვევები, როცა ახლადრეაბილიტირებულ გზაზე ხდება მისი ხელახლა გადათხრა, ეს მაშინ, თუ დაზიანდა შიდა კომუნიკაცია. ასეთი ფაქტები იშვიათია, მაგრამ ხდება. გასულ წელსაც და ახლაც, თელავში მიმდინარეობს მიწისქვეშა წყალმომარაგების და წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია და ეს ქმნის, გარკვეულ შემთხვევებში, პრობლემებს. შემდეგ ხდება, კომპანიების მხრიდან, აღნიშნული საკითხის მოგვარებაზე მუშაობა და ეს არის ცუდი ფაქტი, მაგრამ დროულად ხდება ამ პრობლემების მოგვარება.
მთლიანობაში, ყველა პროექტს აქვს თავისი ვადები და გრაფიკი, თუ რა პერიოდში უნდა დასრულდეს. ბუნებრივი პროცესია, რომ სამუშაოების განხორციელების დროს ხდება რაიმე დამატებითი საკითხის აღმოჩენა, დეტალების გადაკეთება, ან მიდგომის შეცვლა, რომ უფრო უკეთესად დასრულდეს. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ, პრობლემების იდენტიფიცირებას და საკითხის მოგვარებას’’,
– განუცხადა knews.ge-ს ლევან ანდრიაშვილმა.