ახალი ამბები

ლაგოდეხში დამზადებული ბიოდეგრადირებადი საწრუპი ჩხირები ექსპორტზე გავა

კომპანია „ბიობამბი“ ქართული ლერწმისგან დამზადებული ბიოდეგრადირებადი საწრუპი ჩხირების ექსპორტს აპრილიდან დაიწყებს.

როგორც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მდებარე კომპანიის მმართველმა პარტნიორმა, მამუკა ჩიქოვანმა განაცხადა, კონტრაქტები უკვე გაფორმებულია და მომდევნო თვიდან ქართული პროდუქტის მიწოდება კვიპროსში, გერმანიაში, ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და დიდ ბრიტანეთში დაიწყება.

„ადგილობრივ ბაზარზე ჩვენი ძირითადი მომხმარებელი ჰორეკა სექტორია. უკვე გვაქვს კონტრაქტები და ექსპორტს აპრილიდან ვიწყებთ, ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: კვიპროსი, გერმანია, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი და დიდი ბრიტანეთი. მოთხოვნა საკმაოდ დიდია, ჯერ კიდევ სრულად ვერ დავაკმაყოფილებთ. ვფიქრობთ, წლის ბოლომდე 120 მილიონ ღეროს ვაწარმოებთ, საიდანაც 60% ექსპორტზე გავა. ზოგადად, ჩვენი პროდუქტი ფასით კონკურენტულია როგორც იმპორტირებულ ანალოგთან, ასევე პლასტმასის და ქაღალდის პროდუქტთან მიმართებით. საექსპორტო ფასი პრაქტიკულად იგივე იქნება, რაც ადგილობრივ ბაზარზე გვაქვს“,- აცხადებს BMG-სთან კომპანიის მმართველი პარტნიორი.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში „ბიობამბის” ბიოდეგრადირებადი საწრუპი ჩხირების საწარმო 2022 წლის ბოლოს ამოქმედდა. საწყისი ინვესტიციის მოცულობამ 150 000 ლარზე მეტი შეადგინა, მათ შორის, სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსება 125 000 ლარი იყო. გაფართოებისა და BRC სტანდარტის დანერგვის შედეგად, ჯამურმა ინვესტიციამ 500 000 ლარს მიაღწია. ამასთან, გასულ წელს, “ტერაბანკის” სტარტაპ სესხის დახმარებით, წარმოების სრული ავტომატიზაცია განხორციელდა.