ახალი ამბები

ცხოველის მიტოვება ფიზიკური პირის 3000 ლარით, ხოლო მეპატრონე იურიდიული პირის 5000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს

საქართველოს პარლამენტში ინიცირებული “შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტით წესდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა შინაური ბინადარი ცხოველის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევისათვის.

კერძოდ, შინაური ბინადარი ცხოველის მიტოვება გამოიწვევს მეპატრონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით, ხოლო მეპატრონე იურიდიული პირის დაჯარიმებას – 5000 ლარის ოდენობით.

ამასთან, ყოველწლიური ვეტერინარული შემოწმების, ვაქცინაციის და სხვა საჭირო სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარების ვალდებულების დარღვევა გამოიწვევს მეპატრონის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით; მიკედლებული შინაური ბინადარი ცხოველის ანტირაბიული ვაქცინაციის ვალდებულების დარღვევა გამოიწვევს შინაური ბინადარი ცხოველის მიმკედლებლის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით;

მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით;

ნარევი (მეტისი) ჯიშის შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) სტერილიზაცია/კასტრაციის მოთხოვნების დარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 300 ლარის ოდენობით;

ცხოველის ყოლისათვის დადგენილი რაოდენობრივი შეზღუდვის დარღვევა გამოიწვევს მეპატრონის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით;

მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოსთვის ხელის შეშლა მიკედლებული შინაური ბინადარი ცხოველის სტერილიზაცია/კასტრაციის, ვაქცინაციის ან ცოფზე დაკვირვების მიზნით გადაყვანისას გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით;

მეპატრონის ვალდებულებების დარღვევისათვის, რასაც შედეგად მოჰყვა სხვა ცხოველის ან ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, გამოიწვევს მეპატრონის ან მფლობელის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით;

ცობისთვის, საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორი პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტია და მას უმრავლესობის 24 დეპუტატი აწერს ხელს.

პარლამენტში წარდგენილი კანონის პროექტით, შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის თანამედროვე და აპრობირებული მეთოდები ინერგება.