ახალი ამბები

ვაკეთებ ყველაფერს, რაც ცარიელ ხელებს შეუძლია რომ გამოუვიდეს – გაიცანით ხელოვნების ოსტატი გურჯაანიდან

გურჯაანში მცხოვრებ ანნა ლაზაშვილს ხელოვნების მიმართულებით კონკრეტული სფერო არ აურჩევია, ისე დაიწყო ხელნაკეთი ნივთების მზადება.
საქმიანობას დაახლოებით 7 წლის წინ შეუდგა. ამზადებს ყველფერს რაც გამოსდის და აინტერესებს.
,,დღესასწაულებზე შეკვეთების რაოდენობა იმატებს, მაქვს ბევრი იდეა, მაგრამ არ მყოფნის დრო. ვოცნებობ ყველა დანადგარი მქონდეს, რომ მეტი და მეტი შევქმნა . არ მაქვს არჩეული მიმართულება, რომ კონკრეტული ხაზით ვიმუშაო. რაც ჩემს გულთან და სულთან ახლოსაა, იმას ვამზადებ. ვაკეთებ ყველაფერს, რაც ცარიელ ხელებს შეუძლია რომ გამოუვიდეს.“.
ანნა, ნივთებს, განწყობიდან გამომდინარე ქმნის. როგორც თავად ამბობს და სოციალური ქსელიც მოწმობს, საკმაოდ ბევრი შეკვეთა და კმაყოფილი მომხმარებელი ჰყავს.
,,ვამზადებ ყველაფერს, რაც კი შეიძლება ადამიანებმა აჩუქონ ერთმანეთს. ამიტომ შეკვეთები სულ მაქვს. არ მრჩება დრო მოვაგროვო ნივთები და გამოფენებზე გავიდე, არაერთი შემოთავაზება მქონია ტელევიზიებიდანაც, მაგრამ არ მიყვარს თავის წარმოჩენა. ექვსი წელია რაც ხელნაკეთი ნივთების გვერდი მაქვს, წლები არ იცოდნენ ვინ იდგა ამ ნამუშევრების უკან.“
ამბობს რომ საქმიანობის დაწყებისთანავე ამზადებდა სხვადასხვა ტიპის ხელნაკეთ ნივთებს.
,,დავიწყე მირინოსის თექის თოჯინებით, შემდეგ ვიყინებდი ჯვალოს. ასევე, საათები, დეკორატიული სარკეები, თმის სარჭები, ჩანთები, თუ კი რამე არსებობს, ყველაფერი მაქვს გაკეთებული. ვმუშაობ ებოქსიდზე ბუნებრივ ყვავილებით, ვქსოვ ჩანთებს. ამ მიმართულებით საქართველოს თემატიკის პრინტი ყველაზე მოთხოვნადია. იგივე პრინტს ვაკეთებ მაისურებზეც.“.
ოსტატი ხელნაკეთ ნივთებს ძირითადად, სოციალური ქსელის დამხარებით ყიდის. მომხმარებელი ჰყავს როგორც საქართველოდან, ისე უცხოეთიდან.
,,ჩემი შვილები ხატავენ საკმაოდ კარგად და შეკვეთები, რაც მოხატულია, მათი გამზადებულია. ვაკეთებ მხოლოდ იმას, რაც სიამოვნებას მანიჭებს, შეკვეთა, რომელიც არ მომწონს, არ ვიღებ. კმაყოფილი მომხმარებელი სტიმულს მაძლევს, რომ უკეთესზე უკეთესი შევქმნა. ბავშვობიდან გამოვირჩეოდი ხელსაქმის სიყვარულით, ვკერავდი ჩანთებს და ვუკეთებდი ნაქარგებს. მახსოვს ჩემი კურსელები ვცვლიდით ერთმანეთში ჩანთებს და თავს ვიწონებდით.“.
რაც შეეხება მის სამომავლო გეგმებს, სურს, რომ წარადგინოს საზაფხულო ხელოვნების სკოლა რომელიც ქონდა პანდემიამდე და ასწავლიდა ბავშვებს.
,,კვლავ მინდა ჩემი ცოდნის გაზიარება ბავშვებისთვის, დღემდე მომყვება მათი სიყვარული. გამყავდა გამოფენებზე. გარდა ამისა, ტყავზე მინდა მუშაობის დაწყება, ჯერ დაკვირვების პროცესში ვარ, ვიძიებ ინფორმაციებს. ისედაც, სულ სიახლეების ძიებაში ვარ., რაც აქამდე არ მქონია გაყიდვაში, ახალი დეკორაციების შექმნა”.
ანნა ამბობს, რომ მისი მთავარი მოტივაცია კმაყოფილი მომხმარებელია.
,,რაც უნდა დაღლილი ვიყო, დაღლა მეხსნება, როცა ეუბნებიან რომ ნივთი იმაზე უკეთესი აღმოჩნდა ვიდრე ფოტოში. ყველაზე მეტად უცხო ადამიანების ნდობა მახარებს, შემდეგ მიღებული ნივთის შეფასება და მათი აღრფრთოვანება მაბედნიერებს.“