ახალი ამბები

საია აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულების უფლებების დაცვისთვის საერთაშორისო საკომპენსაციო ფონდის შექმნის ინიციატივით გამოდის

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საიას) წარმომადგენლებმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში წერილი შეიტანეს.

დოკუმენტის თანახმადაც, ასოციაცია რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის უფლებების ეფექტიანი დაცვისთვის საერთაშორისო საკომპენსაციო ფონდის შექმნის ინიციატივით გამოდის.

ამასთან, საიას თავმჯდომარის განმარტებით, ადამიანის ევროპულმა სასამართლომ საქართველოს სასარგებლოდ რუსეთის ფედერაციას 130 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა, ამ გადაწყვეტილებების აღსრულება კი მსგავსი ფონდის გარეშე შეუძლებელი იქნება, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ დროულად იმოქმედოს.

„დღეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს მიმართავს. ჩვენი მიმართვის მთავარი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის უფლებების ეფექტიანი დაცვისთვის საერთაშორისო ღონისძიებების ფარგლებში შესაბამისი საკომპენსაციო ფონდი შეიქმნას, რომელიც უზრუნველყოფს დაზარალებული მოსახლეობის ინტერესების დაცვას. სწორედ, ამ მიზნით დღეს საგარეო საქმეთა მინისტრს მივმართავთ. როგორც საზოგადოებისა და სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის ცნობილია, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უკვე წლებია იცავს 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ინტერესებს.

ჩვენ ამ დროისთვის არა ერთი პირის საქმეს ვაწარმოებთ ადამიანის უფლებათა სასამართლოში. ჩვენთვის როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის და ასევე, ომის დაზარალებულების ადვოკატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გაატაროს ის ზომები, რომელიც უზრუნველყოფს დაზარალებული მოსახლეობის ინტერესების ეფექტიან დაცვას. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ადამიანის ევროპულმა სასამართლომ უკვე მიიღო გადაწყვეტილებები სახელმწიფოთაშორის დავაზე, რომელიც ომის მოვლენებს ეხებოდა. საქართველოს სასარგებლოდ რუსეთის ფედერაციას დაეკისრა 130 მილიონი ევროს გადახდა. ამ თანხის უზრუნველყოფა და ამ გადაწყვეტილების აღსრულება დამოკიდებულია იმაზე, შეასრულებს თუ არა რუსეთის ფედერაცია ამ გადაწყვეტილებას. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, რუსეთის ფედერაცია ამ დროისთვის არ თანამშრომლობს ევროპის საბჭოსთან, ის ევროპის საბჭოდან გარიცხულია. შესაბამისად, მისი გაცხადებული პოლიტიკაა, რომ ის ამ გადაწყვეტილებებს აღარ აღასრულებს.

იმისთვის, რომ ამ გადაწყვეტილებას აღსრულება საფრთხის ქვეშ არ დადგეს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ ევროპის საბჭოში აგვისტოს ომის შედეგად და შემდეგ პერიოდში რუსეთის ფედერაციის მიერ დაზარალებულებისთვის საერთაშორისო საკომპენსაციო ფონდი უნდა შეიქმნას, ხოლო ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლებამ, კერძოდ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და სხვა უწყებებმა, მათ შორის, იუსტიციის სამინისტროსთან კოორდინაციით საერთაშორისო დონეზე შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა უნდა მოხდეს. იმისთვის, რომ ამ ტიპის ფონდი შეიქმნას. ასეთი ფონდის გარეშე ამ გადაწყვეტილებების აღსრულება შეუძლებელი იქნება, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ დროულად იმოქმედოს და ჩვენი მოწოდება არის რომ ხელისუფლება, კერძოდ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყოს შესაბამისი ადვოკატირების კამპანია საერთაშორისო დონეზე. ეს ნაბიჯები გამართლებულია და გამყარებულია არა ერთი უკვე მიღებული საერთაშორისო დოკუმენტით, კერძოდ, საპარლამენტო ასამბლეის 2022 წლის 15 მარტის და მინისტრთა კომიტეტის 2023 წლის 7 დეკემბრის შეხვედრაზე. ეს საკითხები განხილული იყო ამ დოკუმენტებზე დაყრდნობით, ჩვენ მივიჩნევთ, რომ საქართველოს ეფექტიანი ნაბიჯების პირობებში შესაძლებელი იქნება საკონპენსაციო ფონდის შექმნა”, – განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.