სამუხის ველზე ქურციკებისთვის წყლის ხელოვნური საგუბრები მოეწყო- ფოტოები
დედოფლისწყაროში, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებთან ახლოს მდებარე, სამუხის ველზე, ქურციკებისთვის წყლის ხელოვნური საგუბრები მოეწყო.
სამუხის ველზე ქურციკების რიცხოვნობის სტაბილური ზრდის მიუხედავად, პოპულაცია ჯერ კიდევ მოწყვლადია და განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებს. მათ საბინადრო გარემოში ხელსაყრელი პირობების შექმნა მდგრადი პოპულაციის ჩამოყალიბებისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
მონიტორინგის პროცესში გამოიკვეთა სამუხის ველზე ქურციკებისთვის სასმელი წყლის მუდმივი რესურსის შექმნის აუცილებლობა. აღნიშული საჭიროებიდან გამომდინარე, მდინარე იორის არხის მიმდებარედ განთავსდა მზის ელექტროსადგური და შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომელიც ავტომატურ რეჟიმში უზრუნველყოფს მდინარის არხიდან სამუხის ველზე ხუთი კილომეტრის სიგრძის წყლის სისტემისა და სამ სხვადასხვა ადგილზე არსებული საგუბრის წყლით მომარაგებას.
აღნიშნული პროექტი განხორციელდა ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისის მიერ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს აქტიური ჩართულობითა და ველური ბუნების ადაპტაციის ინოვაციური ფონდის (WAIF/WWF-US) ფინანსური მხარდაჭერით.
სამუშაოები შესრულდა ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიასთან, ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების დაცული ტერიტორიის მართვის განყოფილებასთან და სხვა შესაბამის ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებთან კოორდინაციით.
ფოტოები: WWF Georgia