თელავის მოსახლეობა სტიქიის შედეგად დაზიანებული სახურავების რეაბილიტაციას ითხოვს
თელავში, ალაზნის გამზირის, ზუზუმბოს და კავკასიონის ქუჩებზე მცხოვრები მოსახლეობა 28 დეკემბერს, ძლიერი სტიქიის შედეგად დაზიანებული სახურავების რეაბილიტაციას ითხოვს.
მათი თქმით, სახლებში წყალი ჩადის და დაზიანებულია როგორც კედლები, ასევე საყოფაცხოვრებო ნოვთები. დაზარალებულები დღეს თელავის მერსაც შეხვდნენ.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ კორპუსების გადახურვა მალე დაიწყება.
“მოქალაქეთა განცხადებები შევისწავლეთ, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს დაზიანებები. დასრულებულია აზომვითი სამუშაოები, ასევე საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება, ცნობილია უკვე რა თანხაა საჭირო სამუშაოების დასაწყებად. გამოცხადდება ტენდერი და შემდეგ გამარჯვებული კომპანია დაიწყებს სამუშაოებს.”- აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში.