ახალი ამბები

სოფელ ვანთაში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახი დახმარებას ითხოვს

თელავის მუნიციპალიტეტიდან სოფელ ვანთაში მცხოვრები ოჯახი დახმარებას ითხოვს.

ოჯახს, სადაც ჯანმრთელობის მძიმე პრობლემების მქონე ცოლ-ქმარი ცხოვრობენ, არ აქვთ საცხოვრებელი პირობები, საკვები, ტანსაცმელი და წამლების საყიდელი ფული. ოჯახის დიასახლისი ნონა, წლებია მკერდის კიბოს ებრძვის და ღია ჭრილობა აქვს, რომელიც საშინელ ტკივილს იწვევს.

,,ნემსების გარეშე ვერ ვიჩერებ ტკივილს, საშინელ მდგომარეობაში ვარ. მაქვს ღია ჭრილობა და ოპერაცია მესაჭიროება”,– აცხადებს ნონა.

ნონას და მისი ოჯახის დასახმარებლად რამდენიმე დღეა სოციალური კამპანია დაიწყეს ადგილობრივმა თამუნა ესიტაშვილმა და სამოქალაქო აქტივისტმა, დინა ნაწიფაშვილმა, რომელიც ბევრ სოციალურად დაუცველს ეხმარება. კამპანიის ფარგლებში ნონას, ოპერაციისთვის საჭირო თანხა, 4 000 ლარი შეუგროვდა, თუმცა სამედიცინო დაწესებულებამდე წასასვლელად, ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციისა და წამლებისთვის გარკვეული რაოდენობის თანხა კიდევ ესაჭიროება.

,,ეს ქალბატონი ჩემი მეზობელია კახეთში. კეთილი, უანგარო, საუკეთესო ადამიანი, თუმცა ცხოვრებისგან დაჩაგრული. მკერდის კიბოს ებრძვის წლებია და საშინელი ტკივილებით იტანჯება, მკერდიდან სისხლი სდის განუწყვეტლივ. მას თურქეთიდან მოუვიდა პასუხი, რომ შესაძლებელია ოპერაციის გაკეთება და მხოლოდ 4 ათასი ლარი სჭირდება. დავიწყეთ სოციალური კამპანია და ნონას ოპერაციის თანხა სრულად შეგროვდა. მადლობა ყველას, ვინც მისი ამბავი გულთან მიიტანა, თუმცა ოპერაციის ფული გვაქვს, არ ვიცით რამდენად ეყოფა კვლევების შემდეგ და პოსტ ოპერაციული მკურნალობას. რეალურად მხოლოდ ოპერაციის და აქედან თურქეთში წასასვლელი გზის ფული გვაქვს. ვისაც შეუძლია დახმარება, რომ ნონას გარდა ოპერაციისა, მკურნალობის ფულიც მოვუგროვოთ, ვთხოვთ დაგვიდგეს გვერდით”,- განაცხადა თამუნა ესიტაშვილმა, რომელიც ნონას დასახმარებლად დაწყებული კამპანიის ერთ-ერთი აქტიური მონაწილეა.

ნონას დასახმარებლად თანხა შეგიძლიათ დარიცხოთ:
თიბისი ბანკი
#GE30TB7308445063600036
საქართველოს ბანკი
#GE54BG0000000371067712