სოფელ ოზაანში ჰოლანდიური ტიტების წარმოება დაიწყეს
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანში, ტროპიკული ხილისა და ბოსტნეულის მწარმოებელმა კომპანიამ ,,რკ ოზაანი“ ყვავილების წარმოება დაიწყო.
მეწარმე ჯაბა გოგოლაშვილი აცხადებს, რომ მეორე წელია ჰოლანდიური ტიტების წარმოებით დაინტერესდა და გასულ წელს მოსავალიც მიიღეს. როგორც გოგოლაშვილი აცხადებს, ტიტების რეალიზაცია თბილისში, ძირითადად, ყვავილების ბაზრობებზე ხდება, დაინტერესება კი მზარდია.
მისივე თქმით, 2023 წელს 25 000 ყვავილი მიიღეს, წელს კი 30 000-ის მიღებას და რეალიზაციას გეგმავენ.
რკ ოზაანის“ მიერ წარმოებული ტიტა 15-მდე სახეობისაა. ყვავილი სათბურში მოჰყავთ, რისთვისაც ბოლქვი ჩამოდის ჰოლანდიიდან.
ცნობისთვის, კოოპერატივი „რკ ოზაანი“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანში 2015 წელს დარეგისტრირდა. ამ ეტაპზე მისი ძირითადი საქმიანობა სატაცურის წარმოებაა, თუმცა ბოლო პერიოდში ამ ხაზს კივანო და კუკამელონი დაემატა.