მთავრობამ, უსახლკაროთა საცხოვრებლით დაკმაყოფილების პროგრამის კრიტერიუმები დაამტკიცა
საქართველოს მთავრობამ, უსახლკაროთა საცხოვრებლით დაკმაყოფილების პროგრამის კრიტერიუმები დაამტკიცა.
პროგრამით, 1000-მდე ოჯახს მთავრობა სახლს გადასცემს, პროგრამის ღირებულება კი 50 მილიონი ლარი იქნება. პროგრამა მთავრობის 2024 წლის პირველ სხდომაზე განიხილეს, საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული შესაბამისი დადგენილებაც გამოქვეყნდა. დადგენილება ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევიდა და ძალაში 2025 წლის ბოლომდეა.
მთავრობის მეთაურის მიერ ხელმოწერილი დადგენილების მიხედვით, დამტკიცდა უსახლკარო/მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახ(ებ)ის განსახლების კრიტერიუმები.
ოჯახი, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა 30001-ზე ნაკლებია – 5 ქულა;
ოჯახი, რომლის შემადგენლობაშიც არის 4 არასრულწლოვანი – 0,5 ქულა, 5 არასრულწლოვანი – 1 ქულა, ხოლო ყოველ მომდევნო არასრულწლოვანზე დამატებით 1 ქულა – შესაბამისი ქულათა ჯამი;
ოჯახი, რომლის შემადგენლობაშიც არის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი/შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი (თითოეულ ოჯახის წევრზე) – 1.5 ქულა;
ოჯახი, რომლის შემადგენლობაშიც არის მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი (თითოეულ ოჯახის წევრზე) – 1 ქულა;
ოჯახი, რომლის შემადგენლობაშიც არის ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი (თითოეულ ოჯახის წევრზე) – 0.5 ქულა;
მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე ან ქვრივი – 2 ქულა;
ბრძანების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის მდგომარეობას ესადაგება ერთზე მეტი კრიტერიუმი, თითოეულ კრიტერიუმში მინიჭებული ქულები დაჯამდება საერთო ქულად.