საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 1 მლრდ. კვტ.სთ-ით შემცირდა – 2023 წელი
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 2023 წელს, 7.3% ანუ 1 მილიარდი კილოვატ საათით შემცირდა.
“სახელმწიფო ელექტროსისტემის” მონაცემებით, გასულ წელს მოხმარება, ჯამური დანაკარგების ჩათვლით 13.7 მლრდ კვტ.სთ იყო, მათ შორის, მომხმარებლისთვის მიწოდებამ 13 053 440 000 კვტ.სთ შეადგინა, მაშინ როდესაც, 2022 წელს ეს მაჩვენებლები შესაბამისად, 14 808 730 000 კვტ.სთ და 14 165 440 000 კვტ.სთ იყო.
მოხმარების შემცირება ძირითადად მსხვილი საწარმოების მხრიდან მოხმარების კლებას უკავშირდება. დაბალი ფასების და საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნის ვარდნის გამო ქართული საწარმოების ნაწილმა საწარმოო სიმძლავრე შეამცირა.
გასული წელი წარმატებული იყო ექსპორტისთვის. ელექტროენერგია ექსპორტზე აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით გადიოდა. ჯამში, საექსპორტო ბაზრებზე 1,47 მლრდ კვტ.სთ-მდე ელექტროენერგია გავიდა, 51%-ით მეტი 2022 წლის მაჩვენებელზე. ჯამურმა შემოსავალმა ექსპორტიდან 94 მლნ დოლარს გადააჭარბა. მთავარი საექსპორტო ბაზარი თურქეთი იყო.