მთავრობამ სხდომის ოქმების გამოქვეყნების ვალდებულება აიღო
საქართველოს მთავრობა სხდომის ოქმების საჯაროდ გამოქვეყნებას დაიწყებს – ამის შესახებ ღია მმართველობის ეროვნული გეგმიდან ხდება ცნობილი. დოკუმენტის თანახმად, მთავრობის სხდომების შესახებ ინფორმაცია, რომელიც ამჟამად არ საჯაროვდება, მომავალში ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება.
ღია მმართველობის ეროვნულ სტრატეგიაში არაა ნათქვამი მოიცავს თუ არა ეს მთავრობის განკარგულებების გასაჯაროებასაც, რასაც მთავრობა 2020 წლიდან არ აქვეყნებს.
“ამჟამად მთავრობის სხდომის ოქმები არ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი, შედეგად, საზოგადოება ნაკლებად არის ინფორმირებული სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ. შესაბამისად, მთავრობის გამჭვირვალობის გაზრდის, ასევე, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და მოქალაქეთა ინფორმირებულობის გაძლიერების მიზნით, უზრუნველყოფილი იქნება მთავრობის სხდომების გამართვამდე სხდომის დღის წესრიგის, ხოლო სხდომების გამართვის შემდგომ – სხდომის ოქმების პროაქტიული გამოქვეყნება მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე,”- წერია ღია მმართველობის ეროვნულ სამოქმედო გეგმაში.
ღია მმართველობის ეროვნული გეგმა 2024-2025 წლებში უნდა განხორციელდეს. გეგმის თანახმად, უშუალოდ მთავრობის სხდომის ოქმების გამოქვეყნება 2024 წლის მეოთხე კვარტალში უნდა დაიწყოს.