იანვრიდან ელექტროენერგიის ტარიფი შემცირდა
საქართველოში პირველი იანვრიდან ელექტროენერგიის ტარიფი დედაქალაქსა და რეგიონებში შემცირდა.
შესაბამისი გადაწყვეტილება 28 დეკემბერს გამართულ სემეკის სხდომაზე მიიღეს. სადაც მომდევნო სამი წლის განმავლობაში ელექტროენერგიის ტარიფის განსაზღვრის საკითხი განიხილეს.
სემეკის მიერ დამტკიცებული პროექტის მიხედვით, თბილისში დამტკიცებული ელექტროენერგიის ტარიფი 3 თეთრით შემცირდება. შესაბამისად, 0-დან 101 კილოვატის ჩათვლით დენის ტარიფი იქნება 15 თეთრი, 101-დან 301 კილოვატამდე მომხმარებლებისთვის 19 თეთრი, ხოლო 301 კილოვატზე მეტს ვინც მოიხმარს ტარიფი იქნება 23.5 თეთრი.
ასევე სემეკის მიერ დამტკიცებული პროექტის მიხედვით, რეგიონებში “ეპ ჯორჯია მიწოდებას” აბონენტებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი 3 თეთრით მცირდება, შესაბამისად, ტარიფი ყველა კატეგორიის მომხმარებლისთვის, ასევე კომერციული აბონენტებისთვისაც დაიკლებს.
შესაბამისად, მათთვის ვინც 0-დან 101 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარს, ტარიფი 17.7 თეთრიდან 14.7 თეთრამდე მცირდება, 101-301 კილოვატამდე მომხმარებლებისთვის ტარიფი 21.7 თეთრიდან 18.7 თეთრამდე დაიკლებს, ხოლო 301 კილოვატზე მეტი ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის ტარიფი 26.2 თეთრიდან 23.2 თეთრამდე შემცირდება.