თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2024 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2024 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.
დოკუმენტი მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა წარადგინა. მისი თქმით, მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი 40 მილიონი ლარით განისაზღვრა, რომელიც 2022 წლის დეკემბერში დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებაში 4 მილიონ ლარზე მეტით არის გაზრდილი. ლევან ანდრიაშვილის განცხადებით, ასევე იზრდება ყველა პრიორიტეტული მიმართულებისთვის გამოყოფილი თანხა.
მისივე თქმით, 2024 წლიდან კი იწყება მონაწილეობითი ბიუჯეტირება. პროექტის ფარგლებში თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა მოქალაქეებმა თავად წარადგინეს საპროექტო წინადადებები და გამოავლინეს ორი გამარჯვებული პროექტი. ბიუჯეტიდან პროექტების განსახორციელებლად 200 ათასი ლარია გამოყოფილი.
უწყების ინფორმაციით, საკრებულოს განკარგულებით, 900 წლიან ისტორიულ ჭადარს ადგილობრივი მნიშვნელობის დაცული ხის სტატუსი მიენიჭა. ხის დაცვის მიზნით მომავალ წელს სხვადასხვა ღონისძიება და სამუშაოა დაგეგმილი.