ახალი ამბები

თელავში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს და 14 პირი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

,,კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი კ.მ. დააკავეს.

სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია: პისტოლეტი, 3 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რევოლვერი, გადაჭრილი სანადირო თოფი ე.წ აბრეზი, ხელყუმბარა, 8 -მჭიდი, 730 – ვაზნა და 17 – დანა.

ასევე, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს 1996 წელს დაბადებული ნ.მ. რომლისგანაც ნივთმტკიცებად ამოღებულია პისტოლეტი, 12 ვაზნა და 2 მჭიდი. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.