ახალი ამბები

საქართველოს ტერიტორიის 44% ტყით არის დაფარული – ეროვნული აღრიცხვის შედეგები

სოფლის მეურნეობის სამინისტრო ტყის პირველი ეროვნული აღრიცხვის თანახმად, ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 44% ტყით არის დაფარული. ამ მაჩვენებლებით საქართველო ტყით მდიდარი ქვეყნების რიცხვში შედის.

ანგარიშის თანახმად საერთო ტყის ფართობი 3,1 მილიონ ჰექტარს, ხოლო მარაგი 528,2 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენს. აქედან ყველაზე მეტი – 78,5 მილიონი კუბური მეტრი რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონზე მოდის. ქვეყნის სხვა რეგიონებში ხე-ტყის მარაგები ასე ნაწილდება:

იმერეთი – 74,4 მლნ მ³,
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 70,1 მლნ მ³,
კახეთი – 68,4 მლნ მ³,
აჭარა – 62,1 მლნ მ³,
სამცხე-ჯავახეთი – 55,2 მლნ მ³,
მცხეთა-მთიანეთი – 34 მლნ მ³,
შიდა ქართლი – 32,1 მლნ მ³,
გურია – 27,6 მლნ მ³,
ქვემო ქართლი – 24,8 მლნ მ³,
საქართველოს ტყეების უმეტესი ნაწილი – 83% (1,8 მლნ ჰა) დაფარულია ფოთლოვანი ხის სახეობებით. წიწვოვანი ტყე კი მთლიანი ფართობის 17%-ია და 388 ათასი ჰექტარს შეადგენს. შესაბამისად, ხე-ტყის მოცულობის მიხედვითაც, 72,4% (328,6 მლნ) ფოთლოვან სახეობებზე ნაწილდება, 27,6% (145,6 მლნ) კი წიწვოვანი სახეობის ტიპზე.

ეროვნული აღრიცხვიდან ასევე ირკვევა, რომ საქართველოს ტყით დაფარული ფართობის (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 807 178 ჰექტარი ანუ 35.4% დეგრადირებულია. დეგრადირებული ფართობების ყველაზე მეტი წილი მოდის დაბალი სიხშირის კორომებზე, რაც მთლიანი დეგრადირებული ფართობის 44.7% შეადგენს. ანგარიში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად უსისტემო ჭრების შედეგად ტყის ხარისხის შემცირებას ასახელებს – მსგავსი ფართობები დეგრადირებული ტერიტორიის 41.6% შეადგენს.

ქვეყნის მასშტაბით ტყის ეროვნული აღრიცხვა 2019-2021 წლებში მიმდინარეობდა, ხოლო 2022-2023 წლებში სამუშაოების შედეგად მიღებული ინფორმაცია დამუშავდა.