ახალი ამბები

გეოგრაფიული აღნიშვნა „ქინძმარაული“ „საქპატენტში“ არის რეგისტრირებული

გეოგრაფიული აღნიშვნა „ქინძმარაული“ „საქპატენტში“ 2006 წლის 30 მარტს არის რეგისტრირებული.

„საქპატენტმა“ საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანია დაიწყო. ინფორმაციას „ქინძმარაულის“ წარმომავლობის შესახებ „საქპატენტი“ ავრცელებს.

დიდი ლუა – ეს სახელი ყვარელში ხალხმა შეარქვა ლუარსაბ დავითის ძე რუსიაშვილს. ის იყო გამორჩეულად გულმოწყალე, კეთილშობილი და დაიმსახურა კიდეც ეს მეტსახელი. მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა ილია ჭავჭავაძესთან. ყვარლის მემორიალურ მუზეუმში გამოფენილია ფოტო, სადაც ილია და ლუა ერთად არიან გამოსახულნი. ხალხის სიყვარული და ლუარსაბის დიდი ავტორიტეტი მაშინაც გამოჩნდა, როდესაც ილიას დაკრძალვაზე ყვარლის დელეგაციის ხელმძღვანელობა სწორედ ლუას მიანდეს. აი, ამ კაცის მფლობელობაში შედიოდა მიწა, რომელზეც მოიწევდნენ ღვინო „ქინძმარაულის“ დასაყენებელ საფერავის ჯიშის ყურძენს. ლუარსაბი ამ ყურძნით აწარმოებდა საუკეთესო ხარისხის ღვინოებს, რომლითაც აღფრთოვანებული იყო ყველა და მათ შორის ილიაც. ისტორიულად ცნობილია, რომ ილია ჭავჭავაძემ ღვინო ძალიან კარგად იცოდა და საკმაოდ პრეტენზიული მომხმარებელიც იყო. „ქინძმარაული“ კი მისი საყვარელი ღვინის სახეობების სათავეში იდგა. ეს საინტერესო დეტალი კიდევ ერთხელ ადასტურებს „ქინძმარაულის“ მაღალ ხარისხს.

ზოგადად, „ქინძმარაული“ დაკავშირებულია კახეთის მეფე ლევან ავგიორგისძესთან, რომელიც მეფობდა XVI საუკუნეში (1518/20-1574 წწ.). როდესაც მეფე ლევანმა ყვარლის ციხე-სიმაგრე ააგო და ეს პატარა ქალაქი კულტურულ-კომერციულ ცენტრად გადააქცია, თავდაცვით ნაგებობასთან ახლოს საჭირო-სამეურნეო შენობებიც ააშენა. მათ შორის, ღვინის მარანი. აქ ამზადებდნენ ღვინოს, ბადაგს, ჭაჭის არაყს. მათი მირთმევა კი მხოლოდ სამეფო გვარისა და მეფის ოჯახისთვის იყო ნებადართული. ასევე, იყენებდნენ მეფის ჯარისა და სამეფო საჩუქრებისთვის. ამიტომ ხალხმა ამ ადგილს „სამეფო მარანი“ უწოდა. საკმაოდ დიდი რაოდენობის ღვინოს აყენებდნენ ყოველ სეზონზე. ღვინით, არყით და ბადაგით მარანში ივსებოდა 433 ერთეული ქვევრი. მარნის ბარაქიანობამ ერეკლე მეფის ხანამდე გასტანა, საუკუნეებთან ერთად ხალხმა სახელიც გადაარქვა მას და ხშირად ამ ადგილს „ერეკლეს მარანსაც“ ეძახდნენ. მარანი ყველა იმ ფუნქციას ინარჩუნებდა, რაც ლევან მეფის დროს ჰქონდა. ერთი საინტერესო ცვლილებით – სამეფო კარზე დასაქმებულ მეციხოვნეებს, ხაბაზებს, მზარეულებს, მჭედლებს, თერძებსა და სხვებს, ვინც ციხე-სიმაგრეში მუდმივად ან დროებით იმყოფებოდა, უფლება ჰქონდა ერეკლე მეფის მარნიდან ყოველდღიურად მიეღო თითო ჩარექა თეთრი ღვინო, ხოლო დღესასწაულებზე – თითო ხელადა წითელი ღვინო. განსაკუთრებულ შემთხვევებში, მარანი იხსნებოდა საჯაროდ. როდესაც საგანგებო სტუმრებს უმასპინძლდებოდნენ, მათ შეეძლოთ დაეჭაშნიკებინათ ღვინო, ბადაგი, არაყი, ეტრაპეზათ და გასცნობოდნენ კახური ღვინის დაყენების ხელოვნებას. თავისუფლად შეიძლება ვთქვათ, რომ სწორედ აქ დაიწყო ღვინის ტურიზმის პირველი ჩანასახი საქართველოში და აქედან გაიცნო „ქინძმარაული“ საქართველოში ჩამოსულმა უამრავმა სტუმარმა.

რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო „ქინძმარაული“ წითელი, ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინოა, აქვს მუქი წითელი ფერი, უზადო, ჰარმონიული, ხავერდოვანი, დახვეწილი და სასიამოვნოდ ტკბილი გემო კარგად გამოხატული ხილის ტონებით და საფერავის ჯიშის ყურძნის ამ ადგილისთვის დამახასიათებელი არომატით. „ქინძმარაულის“ ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა არ უნდა იყოს 10,5%-ზე ნაკლები, შაქრიანობა კი უნდა იყოს 18-დან 45 გ/ლ-მდე.

ეს ღვინო მზადდება მხოლოდ ქინძმარაულის მიკროზონაში მოწეული საფერავის და/ან საფერავი ბუდეშურისებურის ჯიშის ყურძნიდან, რომელიც მოკრეფის დროს აუცილებლად უნდა იყოს მწიფე, არანაკლებ 22%-იანი შაქრიანობით. რაც შეეხება მიკროზონას, მისი ფარგლები მოქცეულია ყვარლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, კავკასიონის განშტოების სამხრეთ დაქანებაზე. ღვინის განსაკუთრებულ გემოზე სწორედ რომ ეს მდებარეობა მოქმედებს ყველაზე მეტად. აქ ერთადაა თავმოყრილი კავკასიონის მაღალი მთების სამხრეთით მიბჯენილი მთისწინეთის გავლენით ჩამოყალიბებული მიკროკლიმატი, რომელსაც ემატება ნიადაგის განსაკუთრებული შემადგენლობა მდინარეების ჩამონადენზე, შავ ფიქალებზე განვითარებული ხირხატი ნიადაგები. მზის სხივური ენერგია და სითბოს რაოდენობა კი ისე ნაწილდება, რომ ვენახს ექმნება ხელსაყრელი სითბური რეჟიმი და ამ გარემოში გაშენებული ვაზის ზემოთ ხსენებული ჯიშები მაქსიმალურად ახერხებენ თავიანთი გემური და სასარგებლო თვისებების რეალიზებას.

მიუხედავად იმ უძველესი ისტორიისა, რაც „ქინძმარაულის“ გაჩენა-ჩამოყალიბებას უკავშირდება, დაზუსტებულია, რომ „ქინძმარაულის“ წარმოების სრულყოფილი ტექნოლოგია 1942 წლამდე არ არსებობდა. ღვინის სტაბილიზაცია, ხანგრძლივად შენარჩუნებული სიტკბო და სხვა თვისებები სწორედ რომ ქარხნულ რეჟიმში შეიძინა „ქინძმარაულმა“, მას შემდეგ, რაც მისი სტაბილური წარმოება დაიწყო. ეს პერიოდი კი 1942 წლით თარიღდება, როდესაც მოხდა საწარმოთა ტექნიკური გადაიარაღება და სიცივის გამოყენება ნახევრად ტკბილი ღვინოების წარმოებაში.

ამ დროიდან დღემდე, ექსპორტზე გასატან ღვინოებს შორის, „ქინძმარაული“ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ღვინოა. 2014 წლის მონაცემებით, საერთაშორისო ბაზრებზე გაიყიდა 9.3 მილიონი ბოთლი „ქინძმარაული“, რაც მთლიანი ექსპორტის 15.8%-ია. ადგილწარმოშობის დასახელების მქონე ღვინოებს შორის კი გაყიდული ღვინოების 49%, თითქმის ნახევარი, სწორედ, „ქინძმარაულზე“ მოდის.

ღვინო „ქინძმარაულს“ მრავალი კონკურსსა თუ გამოფენაზე აქვს მიღებული მონაწილეობა და დაჯილდოებულია არაერთი საერთაშორისო მედლით.

დეტალური სპეციფიკაციის გაცნობა შესაძლებელია საქპატენტის ვებგვერდზე: https://www.sakpatenti.gov.ge/ka/state_registry/#