ახალი ამბები

საახალწლო ღონისძიებისთვის 28 მუნიციპალიტეტი 5 მილიონამდე ლარს დახარჯავს – GMC

მმართველობის მონიტორინგის ცენტრის (GMC) ინფორმაციით, პროექტის – „ახალი წლის დღეები საქართველოში“ ფარგლებში, 28 მუნიციპალიტეტმა გამარტივებული შესყიდვები გამოაცხადა, რომელთა სავარაუდო ღირებულება 4 580 183 ლარს შეადგენს.

30 მუნიციპალიტეტს გამარტივებული შესყიდვების გამოცხადების შესახებ უფლებამოსილება N2168 განკარგულებით მიენიჭათ, რომელიც მთავრობამ 5 დეკემბერს გამოსცა. GMC-ის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვების საიტზე, უფლებამოსილების მინიჭება დასაბუთებულია იმით, რომ ასეთი ღონისძიებები წინასწარ ვერ დაიგეგმებოდა.

მმართველობის მონიტორინგის ცენტრი აღნიშნავს, რომ უკვე გარკვეულ ტენდენციად ჩამოყალიბდა გამარტივებული შესყიდვების გზით ყოველწლიური და, შესაბამისად, მარტივად პროგნოზირებადი ღონისძიებების ორგანიზება. მაგალითად, გასულ წელს მთავრობის ასეთი განკარგულებით, 28 მუნიციპალიტეტმა საახალწლო აქტივობებისთვის საერთო ჯამში 4 684 470 ლარი დაიხარჯა. GMC-ის განმარტებით, ხელშეკრულებების ელექტრონული ტენდერების გზით გაფორმება, არა მხოლოდ ამცირებს კორუფციის რისკებს, არამედ გამჭვირვალობასაც უზრუნველყოფს.

100 ათასიდან 150 ათას ლარამდეა დანახარჯი შემდეგი მუნიციპალიტეტებისთვის: თეთრიწყაროს, ხაშურის, ყვარლის, თელავისა და მესტიის მერიებმა, დმანისის, მცხეთის, შუახევის, ფოთის, მარნეულის, ასპინძის, დუშეთის, წალკის, ქობულეთის, კასპის, საჩხერის, ახალქალაქის, გურჯაანის, ახმეტის, საგარეჯოს, წყალტუბოსა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები.

ყველაზე მცირე თანხას, 88 500 ლარს გურჯაანის მერია დახარჯავს. ორ მუნიციპალიტეტს, ლანჩხუთსა და ხელვაჩაურს, გამარტივებული შესყიდვა ამ დრომდე არ აქვს გამოცხადებული.