ლაგოდეხში სარეკრეაციო ზონის მშენებლობა მიმდინარეობს
პროგრამა ,,განახლებული რეგიონების” ფარგლებში, ლაგოდეხში, 4 ჰექტარ მიწის ფართობზე სარეკრეაციო ზონის მშენებლობა მიმდინარეობს.
კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ეწყობა მასშტაბური, რეკრეაციული სივრცე, რომელიც 40 000 კვადრატულ მეტრზე გაშენდება. ტერიტორიაზე მოეწყობა ჩოგბურთის, საკალათბურთო და საფეხბურთო მოედნები. სკეიტპარკი, სამაგიდო ტენისი და პარკურის მოედანი, შინაური ცხოველების სასეირნო და საწვრთნელი მოედანი.
უწყების ინფორმაციით, ასევე პატარებისათვის მოეწყობა ქვიშის მოედანი, საქანელები და სხვადასხვა გასართობი ატრაქციონი. პერიმეტრზე შენდება ღია ტიპის კაფეები, ამფითეატრი და საპარკინგე სივრცე. გარემო სრულად ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის. რეკრეაციული სივრცე იქნება მდიდარი მწვანე ნარგავებით, მოეწყობა შადრევანი, დამონტაჟდება სასმელი, სარწყავი და განათების თანამედროვე სისტემები. პარკი ყველა თაობისთვის იქნება განკუთვნილი და ისარგებლებს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ისე მუნიციპალიტეტში ჩამოსული ვიზიტორი.
სამშენებლო სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. პროექტის ღირებულება 10 000 000 ლარს აღემატება.