ახატელის ღვთაების ეკლესია- ადგილი რომელიც უნდა ნახოთ
ახატელის ღვთაების ეკლესია მდებარეობს კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტში, რუისპირის თემის, ახატელის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სასაფლაოზე.
ადგილობრივი მოსახლეობა მას ამაღლების ეკლესიასაც უწოდებს. დასავლეთ შესასვლელის წარწერის თანახმად, იგი აუშენებია ვინმე იოსებს – მწიგნობართუხუცეს ბეჟანის შვილს.
მიუხედავად იმისა, რომ წარწერა გვამცნობს ეკლესიის აღმშენებლის ვინაობას, მასში თარიღი მითითებული არ არის. XVI საუკუნის კახური არქიტექტურის ამ ტიპის ეკლესიებთან (ჭიკაანის კვირაცხოვლის ეკლესია, ზემო ალვანის სამების ეკლესია, მატნის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია) შედარებისას, გიორგი ჩუბინაშვილი ახატლის ღვთაების ეკლესიას უფრო გვიანდელ ძეგლად მიიჩნევს და მას XVII საუკუნეს მიაკუთვნებს. ამასთნავე, არ გამორიცხავს XVIII საუკუნესაც კი.
ეკლესია, გუმბათოვანია, ე. წ. ჩახაზული ჯვრის ტიპის. შენობა გეგმით სწორკუთხაა (10,17×7,44 მეტრი). შიგნიდან და გარედან მთლიანად შეთეთრებულია. ნაგებობის გარეთა კედლები, ძირითადად, რიყის ქვითაა ნაგები. გუმბათი მთლიანად აგურისაა, აგურითა ნაწყობი გუმბათქვეშა, საყრდენი სისტემა (საბჯენი თაღები, აფრები, ბურჯები), თაღები და კამარები. შესასვლელი სამია – დასავლეთით, სამხრეთით და ჩრდილოეთით. დასავლეთ კარები შიგნიდან და გარედან თრაზულადაა გადახურული, სამხრეთ და ჩრდილოეთ შესასვლელები კი, გარედან თაღოვანია, შიგნიდან კი სწორკუთხა.
ფოტოები: georgiantravelguide.com