საგამოძიებო სამსახურმა კახეთში ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, კახეთის რეგიონში, გაასაღა 16 ცალი ყალბი 100 აშშ დოლარიანი კუპიურა, რომელიც შემდგომ, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოიღეს.
„გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალდებულთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დადგენა-მხილების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები აქტიურად ტარდება“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.