საგარეჯოში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
საგარეჯოში ყოფილი ცოლის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ერთი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თელავის რაიონულმა სასამართლომ მიიღო.
პროკურორმა დავით გველესიანმა სხდომაზე განამარტა, რომ დაკავებულის მხრიდან არსებობდა ხელახალი დანაშაული ჩადენის, მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე, რასაც ადვოკატი მინარი მურღვაშვილი არ დაეთანხმა და მოსამართლეს გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართა.
ადვოკატის განმარტებით, ბრალდებული საზოგადოების ნაწილისგან დამცირებას და შეურაცხყოფას განიცდიდა.
შეგახსენებთ, რომ დაკავებულს პროკურატურამ ბრალდება ორი დღის წინ წარუდგინა. უწყების ცნობით, ბრალდებულმა მამაკაცმა მიიჩნია, რომ მისმა ყოფილმა ცოლმა მეორედ გათხოვებით მას შეურაცხყოფა მიაყენა, ვინაიდან თვლიდა, რომ მას, როგორც ქალს, პირადი ცხოვრების განკარგვისა და სხვა მამაკაცზე ქორწინების უფლება არ ჰქონდა.
პროკურატურის ინფორმაციითვე, ბრალდებულმა ყოფილ მეუღლესა და მის ქმარს ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ერთი პირი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 30 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტით, 19,109-ე მუხლის „თ“ , „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობა და გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.