რა ღონისძიებები იგეგმება თელავში საახალწლოდ
თელავში საახალწლომზადება უკვე დაიწყო. როგორც Knews.ge-სთან თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა განაცხადა, საახალწლოდ მოირთვება როგორც ცენტრალური მოედანი, ასევე სხვა მთავარი ქუჩებიც. დაიდგმება ახალი ნაძვის ხე და ილუმინაციები.
თელავის მუნიციპალიტეტის მერის თქმით, ამ დროისთვის იმ ხარჯების დათვლა მიმდინარეობს, რომელიც ქალაქში, საახალწლო ღონისძიებების და განათებების მოსაწყობად დაიხარჯება. ლევან ანდრიაშვილი აღნიშნავს, რომ წელს თელავს სრულიად ახალი და თანამედროვე ნაძვის ხე ექნება.
,,როგორც შარშან და შარშანწინ, წელსაც თელავი განსაკუთრებულად ემზადება ახალი წლისთვის. ცენტრალურ ქუჩებზე ამ დროისთვის მიმდინარეობს. საახალწლოდ მოირთვება ერეკლე მეორის გამზირი, ასევე რუსთაველის, აღმაშენებლის, ქეთევან წამებულის და სააკაძის ქუჩები. აღსანიშნავია, რომ ქალაქში ყველა ძირითადი ქუჩა საახალწლოდ იქნება განათებული.
გარდა განათებებისა, ქალაქში ასევე განთავსდება სხვადასხვა საახალწლო ილუმინაციები და განათებული ფიურები. ვფიქრობ, რომ ეს საახალწლო განწყობას უფრო მეტად აამაღლებს. საინტერესო კიდევ ის არის, რომ წელს თელავში გვექნება 2 ნაძვის ხე, ერთი დაიდგმება ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, მეორე კი_ ალაზნის გამზირის და კავკასიონის ქუჩების კვეთაზე არსებულ სკვერში. ჩვენ სოფლების მოსახლეობასაც გვინდა რომ გული არ დავწყვიტოთ. ერთ ნაძვის ხეს დავდგავთ ჯუღაანის პარკში, ხოლო მეორეს_ წინანდალში, სამუსიკო სასწავლებლის მოპირდაპირე მხარეს’’,– განაცხადა ლევან ანდრიაშვილმა.
მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან ყოველ წელს საახალწლო ღონისძიებებისთვის გარკვეული ოდენობის თანხები წინასწარ გამოყოფილია, თელავის მუნიციპალიტეტის მერის განმარტებით, რა ოდენობის თანხა დაიხარჯება საახალწლოდ ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ამ დროისთვის არ არის ცნობილი, რადგან ხარჯების დათვლის პროცესში არიან.
,,ამ მიმართულები თანხები ყოველ წელს იხარჯება და ეს გასაკვირი არ არის. რა ოდენობის თანხა დაიხარჯება ჯერ-ჯერობით ამის დათვლის პროცესში ვართ. გვინდა, რომ წლევანდელი ახალი წელი განსხვავებული იყოს და ამ შემთხვევაშიც გვაქვს თანხის ნაწილში ცვლილებები.
საახალწლო ღონისძიებებისთვის წინასწარ გვქონდა ჩვენ თანხა გამოყოფილი და შესაძლოა, არ მოხდეს მისი სრულად ათვისება. თანხა დაიხარჯება ახალი ნაძვის ხის შესაძენად. ახალი ნაძვის ხე საჭირო იყო, რადგან წინა წელს, ვანდალური ფაქტის გამო, ნაძვის ხე დაზიანდა. მოხდა მისი აღდგენა, მაგრამ მას ჰქონდა ტექნიკური პრობლემები, რის გამოც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ნაძვის ხე შეგვეძინა და ქალაქი არ დარჩენილიყო მის გარეშე. ქარის ან სხვა მიზეზის გამო, შესაძლებელია მისი აწყობა ვეღარ მომხდარიყო “,- აცხადებს თელავის მუნიციპალიტეტის მერი.
მერის განცხადებით, საახალწლო ნაძვის ხე თელავში 22 დეკემბერს საზეიმოდ აინთება.
,,თელავში საახალწლო ნაძვის ხე 23 რიცხვში აინთება. დაგეგმილია, რომ ამ პროცესში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი სტუდიები და შემსრულებლები, მუსიკალური ჯგუფები. ხოლო საზეიმო გალა კონცერტი იქნება 30 დეკემბერს.
გარდა ამისა, საახალწლოდ ასევე გაჭირვებულ ოჯახებს გადავცემთ ნობათს. ამას ყოველწლიურად ვაკეთებთ და წელსაც ვეცდებით არცერთი ოჯახი არ გამოვტოვოთ.’’
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრების განმარტებით, გასულ თვეს, საკრებულომ მხარი დაუჭირა 230 ათასი ლარის გამოყოფას ახალი ნაძვის ხის და ახალი სანათების შესაძენად. მათივე თქმით, ცალკეა საახალწლო ღონისძებების ხარჯი, რომელიც ბიუჯეტიდან არის გამოყოფილი.