საქართველოში დასაქმებულების 18%-ის ხელფასი 600 ლარამდეა – PMC
საქართველოში, 2023 წლის ოქტომბერში, დასაქმებულთა 17.9%-ის ხელფასი 600 ლარამდე იყო. PMC კვლევითი ცენტრის დასაქმების თრექერის თანახმად, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მაჩვენებელმა 4.6 პროცენტული პუნქტით იკლო.
მცირედით, თუმცა გაზრდილია მაღალშემოსავლიანი დასაქმებულების რაოდენობა. კერძოდ, ოქტომბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შეედარებით, 0.3 პროცენტული პუნქტით მოიმატა იმ ადამიანების რაოდენობამ, რომლების ხელფასიც 9 600 ლარს აღემატებოდა. PMC-ის თანახმად, ოქტომბერში 9 600 ლარზე მაღალი ხელფასი მთლიანი დასაქმებულების 1.9%-ს ჰქონდა.
ოქტომბერში წლიურად 5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლების ხელფასიც 2 400 ლარზე მეტი იყო. გასულ თვეში 2 400 ლარზე მაღალ ხელფასს მთლიანი დასაქმებულების 23.3 % იღებდა.
დასაქმების თრექერის მიხედვით, ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.1%-ით მოიმატა იმ ადამიანების რაოდენობამ, რომლებიც ხელფასს იღებდნენ.
2023 წლის III კვარტლის შრომის ბაზრის ინდიკატორები ასე გამოიყურება:
სამუშაო ძალა – 1 618 500 ადამიანი;
დასაქმებული – 1 366 300 ადამიანი;
დაქირავებით დასაქმებული – 943 200 ადამიანი;
თვითდასაქმებული – 422 800 ადამიანი;
უმუშევარი – 152 200 ადამიანი;
სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე – 53.6%;
დასაქმების დონე – 45.3%;
უმუშევრობის დონე – 15.6%.