საგარეჯო-ბადიაურის 17 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა 2025 წელს დასრულდება – ქარსელაძე
საგარეჯო-ბადიაურის 17 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა 2025 წელს დასრულდება, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში სამინისტროს 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისი ინფორმაციით,აღნიშნული მონაკვეის მშენებლობა 2023 წელს დაიწყო. შესაბამისად, კახეთის მაგისტრალის 52 კმ-იან ყველაზე გამომწვევ მონაკვეთზე მოძრაობა გაიხსნება.
როგორც მინისტრმა განაცხადა, 2022 წელს აქტიურად მიმდინარეობდა სამუშაოები კახეთის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.
“თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იან ჩაქროსნულ მაგისტრალზე, 2023 წელს პირველი 4 კმ-იანი მონაკვეთი დასრულდა. მიმდინარეობს სამუშაოები 2 ლოტზე, სადაც სამუშაოების 40%-მდე შესრულებულია და შედეგად, მომდევნო წელს სამუშაოები დასრულდება 31 კმ-ზე ხელშეკრულებით გათვლისწინებული ვადების დაცვით.
ასევე, კახეთის მიმართულებით, გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს გომბორის საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაციის მნიშვნელოვანი პროექტი. უკვე მოწყობილია ხელოვნური ნაგებობების 90%, 12კმ-ზე მოწყობილია საფარი, სამუშაოები გრძელდება და 2024 წელს დასრულდება. დაწყებულია საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების პროექტი ომალოს მიმართულებით, რომელიც დაყოფილია 8 მონაკვეთად. სამუშაოები მიმდინარეობს პირველ 5 მონაკვეთზე, დარჩენილ 3 მონაკვეთზე კი, მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები”,-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.