ელზა აშიროვა-გაიცანით სოფელ ყარაჯალის სკოლის ქართულის მასწავლებელი
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს იმ მასწავლებელთა ისტორიებს, რომლებსაც სხვადასხვა მიმართულებით განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ მოსწავლეების, სასკოლო საზოგადოებისა, თუ თემის განვითარების საქმეში.
ერთ-ერთი ამ მასწავლებლებიდან, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლის ქართულის პედაგოგი ელზა აშიროვაა.
,,გაიცანით ჩვენი დამსახურებული მასწავლებელი, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს მოსწავლეებში ცოდნის სიყვარულის გაღვივებაზე და მათ ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაზე. მასწავლებლობა ერთ-ერთი ყველაზე საპატიო და გამორჩეული პროფესიაა, შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმთავრეს პრიორიტეტს პედაგოგების დაფასება და მათი მხარდაჭერა წარმოადგენს. პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში მასწავლებლის ეროვნულ დღეს 27 ოქტომბერს ღვაწლმოსილ პედაგოგებს გადაეცემათ მასწავლებლის ეროვნული პრემია”,- აცხადებენ სამინისტროში.
ელზა აშიროვა, ათეული წლებია სოფელ ყარაჯალის სკოლას ხელმძღვანელობს, ის ასევე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია და ახალგაზრდების განათლებაზე ზრუნავს.
“წარმატებული პედაგოგის მთავარი განმსაზღვრელი შინაგანი მოტივაციაა, თუ მასწავლებელი შინაგანად მოტივირებულია ის აუცილებლად აღძრავს მოტივაციას ბავშვებშიც” – აცხადებს ელზა აშიროვა.