USAID ახალი პროექტით საქართველოში განათლების სექტორს $14 მილიონით დააფინანსებს
დღეიდან ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტო ახალ პროგრამას – “USAID განათლება მომავლისთვის” – იწყებს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს განათლების სექტორს $14 მილიონით დააფინანსებს.
დაფინანსების ფარგლებში, პროგრამა მოსწავლეზე ორიენტირებული სასკოლო გარემოსა და ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას გააუმჯობესებს. მას საქართველოში საერთაშორისო განვითარების საკონსულტაციო კომპანია “ქემონიქსი” ახორციელებს.
“USAID განათლება მომავლისთვის” საქართველოში 5 წლის მანძილზე ხელს შეუწყობს მომავალ მასწავლებელთა მომზადების საუნივერსიტეტო პროგრამების ხარისხისა და ინკლუზიურობის გაზრდას, სკოლის მართვის გაუმჯობესებასა და სკოლის ავტონომიურობის გაძლიერებას”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა საქართველოს განათლების სამინისტროსთან, აშშ-ის არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, აშშ-ის სკოლების მსოფლიო ქსელთან და საქართველოს უნივერსიტეტთან პარტნიორობით განხორციელდება.