ახალი ამბები

კვლევის შედეგად ყველის 4 ნიმუშში სტაფილოკოკია აღმოჩენილი, 1-ში კი-სალმონელა

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ინფორმაციით, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ქვეყნის მასშტაბით ყველის 11 ნიმუშში კოლიფორმული ბაქტერიები აღმოჩნდა, 4 ნიმუშში – სტაფილოკოკი, 1 ნიმუშში კი – სალმონელა.

CSRDG-ის განცხადებით, დარღვევების შესახებ სურსათის ეროვნულ სააგენტოში და თავად მეწარმეებთან წერილები უკვე იგზავნება.

„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ინიციატივის ფარგლებში, ჩვენმა პარტნიორმა ორგანიზაციებმა საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ყველის ნიმუშები შეიძინეს და ლაბორატორიას ჩააბარეს. შემოწმდა რამდენიმე სანიტარიული მაჩვენებელი: კოლიფორმული ბაქტერიები, სალმონელა და (კოაგულაზა დადებითი) სტაფილოკოკი.

კვლევები ჩატარდა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში. სულ 43 ნიმუში შემოწმდა, 27 – არაეტიკეტირებული, ხოლო 16 – ეტიკეტირებული. საერთო ჯამში, დარღვევები გამოვლინდა 12 ნიმუშში, აქედან, 11 ნიმუში არაეტიკეტირებული იყო, ხოლო 1 ნიმუში – ეტიკეტირებული. აღმოჩენილი დარღვევები ჰიგიენური მოთხოვნების დაუცველობაზე მიუთითებს.
კოლიფორმებზე შემოწმდა ყველა, 43 ნიმუში, სტაფილოკოკზე – 16 ნიმუში, ხოლო სალმონელაზე – 27 ნიმუში. კოლიფორმები აღმოჩნდა 11 ნიმუშში, სტაფილოკოკი – 4 ნიმუშში, ხოლო სალმონელა – 1 ნიმუშში. დარღვევების შესახებ ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციები აგზავნიან წერილებს სურსათის ეროვნულ სააგენტოში და შესაბამის მეწარმეებთან“, –
აცხადებენ საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრში.