ახალი ამბები

საქართველოში დაკრძალვის ხარჯები გაძვირდა

2022 წელს საქართველოში გარდაცვლილთა რიცხოვნობამ 49 118 შეადგინა, რომელთა შორის 25 366 კაცი და 23 752 ქალი იყო. ბოლო წლებში საქართველოში ფასების ზრდის გათვალისწინებით, დაკრძალვის ხარჯებიც დაახლოებით 10-15%-ით გაზრდილია. საფლავი, სასახლე, სარიტუალო ატრიბუტები, კატაფალკით მომსახურება, ქელეხის სუფრა – ეს ის ძირითადი ატრიბუტებია, რაც დაკრძალვისთვის აუცილებელია.

სარიტუალო დამკრძალავი ბიუროები მომხმარებლებს სხვადასხვა ფასის და ხარისხის, VIP და ეკონომ კლასის მომსახურებას სთავაზობენ, რომელთა მინიმალური ფასიც საფლავის გარდა, 10 000 ლარამდეა. დაკრძალვისთვის აუცილებელი კომპონენტების ფასები შემდეგია: სასაფლაოს ფასი – 50-დან 2000 ლარამდე

მიცვალებულის ჩასასვენებელი – 250 ლარიდან

მიცვალებულის ჩასასვენებელი, იგივე სასახლე, ქრისტიანული წესების მიხედვით, დაკრძალვისთვის მთავარი აქსესუარია. დღეს დამკრძალავი ბიუროები ჭირისუფალს მიცვალებულის ჩასასვენებლის მრავალფეროვან მოდელს სთავაზობენ. მათი ფასიც მასალის და ვიზუალის მიხედვით განსხვავდება.

კატაფალკი – 200 ლარიდან

ამ ტიპის ავტომობილების სხვადასხვა ვარიანტი არსებობს, ერთ-ერთი ასეთია კატაფალკა ვიტო, ასევე კადილაკი და სპეციალური მარკის მერსედესი, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. შპს „დამკრძალავ ბიუროში“ კატაფალკის ფასი 200 ლარიდან იწყება და 600 ლარამდე ადის. კატაფალკის მომსახურების ფასი წინა წელთან შედარებით, საწვავის ფასების ზრდის გამო 10-15%-ით გაიზარდა.

დამატებითი სარიტუალო პროდუქცია – 350 ლარიდან

მიცვალებულის ბალზამირება, ჩაცმა და მოწესრიგება 300 ლარამდე ჯდება. გარდა ამისა აუცილებელია სუდარის შეძენა, რომლის ფასიც 50 ლარიდან იწყება.

100 კაციანი ქელეხი რესტორანში – 8500 ლარიდან

რესტორნებში და სარიტუალო დარბაზებში მრავალფეროვანი არჩევანია, შესაბამისად განსხვავდება ფასები, მომსახურება და ხარისხი. ერთი სტუმრის ფასი 85 ლარიდან იწყება. რესტორნებში ფასები წინა წელთან შედარებით საშუალოდ 10%-ით არის მომატებული.

გარდაცვალების რეგისტრაცია

საქართველოში სავალდებულოა საქართველოს მოქალაქის, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის და საქართველოში გარდაცვლილი ნებისმიერი პირის გარდაცვალების რეგისტრაცია. გარდაცვალების რეგისტრაცია ხორციელდება საფასურის გარეშე.

წყარო: კომერსანტი