რუსეთმა სატვირთო ავტომობილების საქართველოში შესვლა შეაჩერა
რუსეთმა საქართველოს ე.წ. სამხედრო გზის გასწვრივ სატვირთო მანქანების გატარება უამინდობის გამო შეაჩერა.
ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ჩრდილოეთ ოსეთის მთავარი სამმართველოს მიერ Telegram-არხზე გავრცელებულ განცხადებაში წერია.
უწყების ცნობით, „საქართველოს ტერიტორიაზე ამინდის პირობების გაუარესების გამო ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილება შეუძლებელი ხდება. ამდენად, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის რეკომენდაციების გათვალისწინებით, ვლადიკავკაზი-ლარსის მიმართულებით 18 ოქტომბრიდან, მოსკოვის დროით 23:50 საათის შემდეგ სატვირთო მანქანების მოძრაობა მომავალ განკარგულებამდე შეჩერებულია.“
ფედერაციის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ჩრდილოოესეთის ოფისის ცნობით, „საქართველოს სამხედრო გზა ვლადიკავკაზიდან თბილისისკენ მთავარი კავკასიონის ქედის გავლით მიემართება და ის რუსეთს საქართველოსთან, ასევე, ამიერკავკასიის დანარჩენ ქვეყნებთან აკავშირებს, ხოლო რუსეთის მონაკვეთზე მარშრუტი ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა ალანიის ტერიტორიაზე გადის.“
„უამინდობის გამო ზამთარში გზა ხშირად იკეტება,“ – წერს საგანგებო სიტუაციების სამმართველო.