ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი – არაფრის დამტკიცებას ვაპირებ, კონსტიტუციის არც არსი და არც სულისკვეთება არ დამირღვევია

კონსტიტუციის არც არსი და არც სულისკვეთება არ დამირღვევია – ვერ დაამტკიცეთ, რომ რამე დავაშავე ან რამე დავაკელი ჩვენი ქვეყნის დაცვას და ევროინტეგრაციის გზაზე მის მხარდაჭერას,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მისი იმპიჩმენტის საკითხის განხილვა მიმდინარეობს.

მისივე თქმით, ამ საიმპიჩმენტო პროცესით, „ქართული ოცნება“ შეურაცხყოფას ევროპელ ლიდერებს აყენებს და ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს.

„საკონსტიტუციომ თუ კი საკუთარ სინდისს გადააბიჯა, ახლა თქვენი ჯერია! მე აქ არც არაფრის დამტკიცებას ვაპირებ და არც ვინმეს დარწმუნებას იმაში, რაც ისედაც ცხადზე ცხადია. კონსტიტუციის არც არსი და არც სულისკვეთება არ დამირღვევია.

ბრალდებების გასამყარებლად თქვენ უნდა წარმოგედგინათ მტკიცებულებები და ვერცერთი ვერ წარმოადგინეთ! ვერ მოიტანეთ ფაქტები იმის დასამტკიცებლად, რაზედაც აპელირებდით, რომ ხან საბოტაჟს ვუწყობდი ჩვენს ევროპულ გზას, ხან თურმე შედეგი ვერ დავდე, ხან მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი, როცა არ ვაწარმოებდი, ხან რა და ხან რა. ვერ დაამტკიცეთ, რომ რამე დავაშავე, ან რამე დავაკელი ჩვენი ქვეყნის დაცვას და ევროინტეგრაციის გზაზე მის მხარდაჭერას. ჩემი თუ არ გჯერათ, შეგიძლიათ გადაამოწმოთ და დაურეკოთ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს, შარლ მიშელს, ემანუელ მაკრონს, ან კიდევ ალარ კარისს, ედგარს რინკევიჩს, გიტანას ნაუსედას. სია შემიძლია გავაგრძელო.

ესენი კი, ის ლიდერები არიან, რომლებზეც ხვალ ჩვენი სტატუსის მინიჭებაა დამოკიდებული და უნდა ითქვას, რომ ამ საიმპიჩმენტო პროცესით თქვენ მხოლოდ მე კი არა და მე სულაც არა, არამედ ამ ლიდერებს აყენებთ შეურაცხყოფას და ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებთ.

საკვირველია ისიც, რომ ამ დროს და ეს კონტრასტი ბევრისმთქმელია, დიდი მოწიწებით ეპყრობით ოკუპანტ ქვეყანას და მის ლიდერებს, უფრო მეტიც ღიად იმსახურებთ ქებას ოკუპანტებისგან და ეს არც კი გეუხერხულებათ. ისიც არ გეუხერხულებათ, როცა ჩემი მისამართით ოკუპანტი ქვეყნისა და თქვენი წამოძახილები ერთი-ერთში ემთხვევა,“ – განაცხადა ზურაბიშვილმა.