რა წარმატებას მიაღწია გურჯაანის საკალათბურთო კლუბმა ,,დელტა”
გურჯაანის საკალათბურთო კლუბი ,,დელტა” 2016 წელს, გამოცდილმა სპორტსმენმა, ზვიად ანთაძემ ჩამოაყალიბა.
კლუბმა პირველივე წელს გაიარა A ლიგის შესარჩევი ეტაპი და მოგების შემდეგ ამავე წელს გადავიდა საქართველოს სუპერ ლიგაში. გუნდის პიარ მენეჯერმა თეკლა დოლიძემ განაცხადა, რომ გუნდი დღემდე აქტიურად და წარმატებულად ასპარეზობს.
“გუნდმა საქართველოს სუპერ ლიგა 2019 წელს მოიგო და მოიპოვა საქართველოს ჩემპიონობა. 2022 წლიდან დელტა გახდა გურჯაანის გუნდი. პირველ რიგში შეიქმნა ასაკობრივი, 14 და 16 წლამდელთა გუნდები, რომლებიც წელს საქართველოს ეროვნულ ასაკობრივ ჩემპიონატს ითამაშებენ. ასევე გვაქვს ორი აკადემია, სოფელ გურჯაანის და სოფელ შაშიანის სკოლებში, საიდანაც ვარჩევთ პერსპექტიულ ახალგაზრდებს. ბავშვები საკალათბურთო ცოდნასა და გამოცილებას იღებენ სრულიად უსასყიდლოდ, შესაბამისად ნებისმიერ ახალგაზრდას, რომელიც ცხოვრობს გურჯაანში, აქვს შესაძლებლობა გახდეს გუნდის წევრი.
გარდა ამისა, გვყავს საქართველოს სუპერ ლიგის გუნდი, რომლის დებიუტი 16 ოქტომბერს შედგა ქალაქ გურჯაანის სპორტკომპლექსში, რომელსაც ესწრებოდა გურჯაანის მერი გიორგი მაჭავარიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი და სპორტის და კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელები.
ჩვენი მიზანია, გურჯაანში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და კალათბურთისადმი ინტერესის ამაღლება ახალგაზრდებში,”- განაცხადა თეკლა დოლიძემ.