ახალი ამბები

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის განხილვა დაიწყო

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის განხილვა დაიწყო.

იმპიჩმენტი კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის პროცედურით წარიმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ პლენარულ სხდომაზე დაისმება კითხვები და იქნება პოლიტიკური განცხადებებით გამოსვლები.

განხილვაში მონაწილეობის მისაღებად პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იმყოფება თავად პრეზიდენტი ზურაბიშვილი.

აღსანიშნავია, რომ როცა სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის დარბაზში შევიდა, ფეხზე მხოლოდ ოპოზიციის რამდენიმე დეპუტატი წამოდგა.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე მომხსენებელი უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძეა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კობახიძის მოხსენებას უსმენს უმრავლესობა თითქმის მთელი შემადგენლობით, ხოლო ოპოზიციიდან მხოლოდ “გირჩის” დეპუტატები, ალეკო ელისაშვილი და “ევროპელი სოციალისტები”.

დღესვე, განხილვის შემდეგ, საკითხი კენჭისყრაზე დადგება. პრეზიდენტს იმპიჩმენტს 100 ხმა სჭირდება.