ტყუპი დების ახალი ბიზნეს წამოწყება “სემელე”
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუკუზანში დებმა, ელისო და სალომე უზუნაშვილებმა, ალკოჰოლური სასმელების მიმართულებით საქმიანობა დაიწყეს.
გოგონებმა მამასთან ერთად საოჯახო საქმიანობის გაგრძელება გადაწყვიტეს და რამდენიმე სახეობის ღვინის და ლიქიორის წარმოება და მსურველებისთვის ღვინის ტურების შეთავაზება დაიწყეს. როგორც თავად ამბობენ, მათი შთაგონების წყარო წლების წინ ბებიის მიერ დამზადებული ვარდის ლიქიორი გახდა.
,,ჩვენ ვართ ტყუპი დები, ელისო და სალომე უზუნაშვილები. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა ერთად გავაგრძელეთ თეატრალურ უნივერსიტეტში, კულტურის მენეჯმენტის მიმართულებით. ბავშვობიდან ახლოს ვიყავით ხელოვნებასთან, ვსწავლობდით თეატრ-სტუდიაში, დავდიოდით ცეკვისა და მუსიკის გაკვეთილებზე, ძალიან გვიყვარდა ხატვა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ისეთი პროფესია აგვერჩია, რომ ამ სფეროსთან გვქონოდა კავშირი’’,– აცხადებენ გოგონები.
გარდა განათლებისა, მათი სამუშაო გამოცდილებაც კულტურის სფეროს უკავშირდება, რომელიც საქმიანობაში დაეხმარათ.
,,მე ჯიპას საზოგადოებრივ ურთიერთობებზე გავაგრძელე სწავლა, საიდანაც გაცვლითი პროგრამით, ჰელსინკში, ჰააგა-ჰელიას უნივერსიტეტის კომუნიკაციების მენეჯმენტის პროგრამაზე ვსწავლობდი’’,– აცხადებს სალომე.
,,მეც იგივე მიმართულებით გავაგრძელე სწავლა ილიას სახელმწიფო უნივესიტეტში. ჩვენი სამუშაო გამოცდილებაც ძირითადად კულტურის სფეროს უკავშირდება’’,– აღნიშნავს ელისო.
რაც შეეხება მათ კავშირს მეღვინეობის ოჯახურ ტრადიციასთან, გოგონები ამბობენ, რომ მათი მამა და ბიძა მე-11 თაობის მეღვინეები არიან. მათი საქმისადმი სიყვარულმა და დამოკიდებულებამ კი მათშიც გააღვიძა ინტერესი.
,,კახეთში, მეღვინეობის ერთ-ერთ გამორჩეულ მიკროზონაში, მუკუზანში, საოჯახო ტიპის მარანი გვაქვს, სადაც ღვინის წარმოებასთან ერთად ღვინის ტურებსაც ვმასპინძლობთ. ტექნოლოგიურ პროცესებს მამა უძღვება. ჩვენ, ამ ეტაპზე, საორგანიზაციო საკითხებში ვეხმარებით. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად თბილისში ვართ, როცა თავისუფალი დრო გვაქვს ყოველთვის კახეთიკსენ მიგვიწევს გული და ვცდილობთ აქტიურად ვიყოთ ჩართული ოჯახურ საქმიანობაში.
თითქოს მოულოდნელი არც ყოფილა ის ფაქტი, რომ საკუთარი პროდუქტის შექმნის სურვილი გაგვიჩნდა. ბევრი არც გვიფიქრია, შთაგონება წლების წინ ბებიის მიერ დამზადებული ვარდის ლიქიორი გახდა. ახალი ენერგიებით ძველის გაცოცხლების სიმბოლო ბერძნულ მითოლოგიაში ქალღმერთ სემელეს სახით ვიპოვეთ.
სემელეს თავდავიწყებით შეუყვარდა ზევსი და სწორედ ამ სიყვარულს შეწირული, ქვესკნელში, ჰადესთან აღმოჩნდა. რომ არა მისი შვილი დიონისე, მას მთელი ცხოვრების გატარება იქ მოუწევდა. დიონისემ სემელე მიწისქვეშეთიდან ამოიყვანა, ოლიმპოს მთაზე დაავანა და ქალღმერთად აქცია. ასე გაჩნდა იმედი, რომ ის, რასაც საფუძვლად სიყვარული უდევს, აუცილებლად იპოვის ნათელ წერტილს.
სწორედ ასეთია ჩვენთვის „სემელე“ – სიყვარულისთვის მებრძოლი, ლაღი, თავისუფალი და უშიშარი. ის იქმნება ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც საკუთარ თავში „მეორედ დაბადების“ ძალას ეძებს, ან, უბრალოდ, სჯერა სიყვარულისა და სასწაულების’’,- აცხადებს სალომე უზუნაშვილი.
როგორც ელისო უზუნაშვილი განმარტავს, ბრედნის კონცეფციასა და ვიზუალურ მხარეზე დამოუკიდებლად იმუშავეს და ეტიკეტის დიზაინიც მათ ეკუთვნით.
,,დამოუკიდებლად ვიმუშავეთ ბრენდის კონცეფციასა და ეტიკეტის დიზაინზე. გვინდოდა ყველა დეტალზე თავად გვეფიქრა. რაც შეეხება ლიქიორს, ეს გახლავთ საფერავის ღვინოზე დამზადებული ლიქიორები, ვარდის, ალუბლისა და მაყვლის ნატურალური არომატებით. ტექნოლოგიური მიმართულებით მნიშვნელოვანი იყო ბიძისა და მამის მხარდაჭერა.
გვახარებს ის ფაქტი, რომ უკვე რამდენიმე გამოფენასა და ფესტივალზე მივიღეთ მონაწილეობა და სემელეს ლიქიორებმა დიდი მოწონება დაიმსახურა, როგორც ახალგაზრდების, ისე უფროსი თაობის წარმომადგენლების მხრიდან. ამ ეტაპზე ჩვენი მიზანი ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე ბრედნის პოპულარიზაციაა’’,- აცხადებს ელისო უზუნაშვილი.