14 წლის გოგონას იძულებითი ქორწინების შეუტყობინებლობისთვის დაკავებული პირების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
14 წლის გოგონას იძულებითი ქორწინების შეუტყობინებლობისათვის დაკავებული პირების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.
სხდომა თელავის რაიონულ სასამართლოში გაიმართება. სახელმწიფო ბრალდება 14 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული პირის ბიძასა და ბიძაშვილს, დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.
პროკურატურის განმარტებით, არასრულწლოვანი გოგონასთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის თაობაზე ცნობილი იყო, თუმცა, მათ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს. ბრალდებულების ადვოკატის, არჩილ დვალიშვილის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირები წარდგენილ ბრალს ეთანხმებიან.
დაცვის განმარტებით, მკვლელობაში ბრალდებულის ბიძისა და ბიძაშვილისათვის ცნობილი იყო, რომ მათი ნათესავი, არასრულწლოვანზე დაქორწინდა. არჩილ დვალიშვილი აპირებს, სასამართლოს, აღკვეთის ღონისძიების სახით, თითოეულისათვის 5 ათას ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართოს.
14 წლის არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის მკვლელობის საქმეზე, დაკავებულია და ბრალდება წარდგენილი აქვს კიდევ სამ პირს, მათ შორის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს, გენდერის ნიშნით ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების და თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ხოლო მოკლულის დედას და ბიძას ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლონის ფაქტებზე.
შეგახსენებთ, მკვლელობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში, 6 ოქტომბერს მოხდა. 27 წლის მამაკაცმა 14 წლის არასრულწლოვანი ქორწინების მიზნით, მოიტაცა, თავისუფლება აღუკვეთა და თავის დაღწევის ერთ-ერთი მცდელობის დროს, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.