14 წლის ცოლის მკვლელობაში ბრალდებული – დედამისი მეუბნებოდა, რომ თვრამეტი წლის იყო
ვნანობ, მაგრამ ეს განზრახ არ ყოფილა, არ ვაღიარებ განზრახ მკვლელობას, – ამის შესახებ 14 წლის გოგონას, აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულმა ალიმ ასლანოვმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მისი თქმით, იარაღი პნევმატური ეგონა.
„მეგონა მხოლოდ ჭრილობას მივაყენებდი და როცა სისხლი დავინახე, შემეშინდა და გავიქეცი. მეგონა, პნევმატური იყო და მხოლოდ ხმას გამოსცემდა. იარაღის ტარებაც არ ვიცი, არასდროს მქონია ის“, – განაცხადა ბრალდებულმა ალიმ ასლანოვმა.
ასევე, პროცესზე ბრალდებული ამტკიცებდა, რომ მან არ იცოდა, რომ მისი მეუღლე არასრულწლოვანი იყო.
„მე არ მყავდა არასრულწლოვანი ცოლად, დედამისი მეუბნებოდა, რომ ის თვრამეტი წლის იყო“, – განაცხადა ბრალდებულმა, რომლის სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებას და თარგმანს ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს.
ინფორმაციისთვის, 27 წლის ალიმ ასლანოვს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ე’’ ,,თ’’ და ,,კ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი გენდერის ნიშნით), 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა.
გამოძიების თანახმად, 2023 წლის ზაფხულში, არასრულწლოვანს ქორწინების იძულების მიზნით, გამტაცებელმა უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში მიიყვანა, სადაც დაზარალებულს შეზღუდული ჰქონდა თავისუფალი გადაადგილების უფლება. აღნიშნულის მიუხედავად, არასრულწლოვანმა მოახერხა გაპარვა, უცხო პირის მობილური ტელეფონით დედასთან დაკავშირება და მისი გატაცების თაობაზე შეტყობინება, რაც ასევე ცნობილი გახდა გატაცებული არასრულწლოვნის ბიძისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვნის დედისთვის და ბიძისთვის ცნობილი გახდა 14 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესახებ, მათ მიაჩნდათ, რომ არასრულწლოვანს არ ჰქონდა თავისუფალი ნების გამოვლენის და არჩევანის გაკეთების უფლება, აღნიშნული არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს და ბავშვს გამტაცებელთან თანაცხოვრება აიძულეს.