ახალი ამბები

თელავის უნივერსიტეტი სტუდენტებისათვის ფინანსური დავალიანების განულების ინიციატივას შეუერთდა

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2023 წლის 1 აგვისტომდე სტატუსშეჩერებული სტუდენტებისათვის, ფინანსური დავალიანების სახელმწიფოს მიერ განულების ინიციატივას მიესალმება- აღნიშნული განცხადება უნივერსიტეტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ რექტორისა და ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტი ინიციატივის აღსრულების პროცესში ჩართულია და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, ამ საკითხზე გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, აქტიურად თანამშრომლობს.

,,მივმართავთ ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს, მობრძანდნენ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სპეციალობის შესაბამის ფაკულტეტებზე, სადაც სტატუსის აღდგენისა და სასწავლო პროცესში ჩართვის საკითხზე დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან. სტუდენტის სტატუსის აღდგენა შესაძლებელია მიმდინარე წლის 15 ოქტომბრამდე”,- აცხადებენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, 15 სექტემბრის მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ფინანსური დავალიანების გამო 2023 წლის 1 აგვისტომდე სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს, დავალიანება გაუნულდებათ.