ახალი ამბები

პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობაზე პარლამენტში წარდგენილ კანდიდატებს უკან იწვევს

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გიორგი მსხილაძის განცხადებით, პრეზიდენტს მიზანშეუწონლად მიაჩნია თეიმურაზ ხომერიკისა და ნანა ყეინიშვილის კანდიდატურების პარლამენტში წარმოდგენა, სანამ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბრძანება არ გაუქმდება.

აღნიშნულის თაობაზე გიორგი მსხილაძემ ჟურნალისტებთან კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც კანდიდატურების საკითხი უნდა განეხილათ. მისივე თქმით, ხომერიკი და ყეინიშვილი კომიტეტის სხდომას არ ესწრებოდნენ, რაც მათ პიროვნულ გადაწყვეტილებაც მიუთითებს.

„როგორც ჩანს, 2023 წლის 19 სექტემბრის ბრძანებულება ეროვნული ბანკის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ერთპიროვნულად მიიღო და ეს არ იყო ეროვნული ბანკის წევრებთან შეთანხმებული. ამ პირობებში პრეზიდენტს მიზანშეუწონლად მიაჩნია ახალი კანდიდატურების პარლამენტში წარმოდგენა, სანამ არ გაირკვევა აღნიშნული საკითხი, არ გაუქმდება ბრძანება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის და არ გამოსწორდება სიტუაცია ეროვნული ბანკის გარშემო.

კანდიდატები წარმოდგენილნი არ იყვნენ კომიტეტის სხდომაზე, ეს ასევე მეტყველებს მათ პიროვნულ გადაწყვეტილებაზე. უკან გაწვევის რა მექანიზმები არსებობს, დეტალებში არ შევალ, რაც შეეხება კონსტიტუციის დარღვევას, თუ ვინმე მას არღვევს, არღვევს უმრავლესობა კონსტიტუციის 68- ე მუხლს, სადაც პირდაპირ წერია, რომ ეროვნული ბანკი თავის საქმიანობაში არის დამოუკიდებელი და მის საქმიანობაში რაიმე ფორმით ჩარევა დაუშვებელია და ყოვლად მიუღებელი. თუ ეროვნული ბანკის წევრობის კანდიდატები თვითონ იტყვიან უარს, ავტომატურად ნიშნავს, რომ გაწვეული არიან. თუ უარს არ იტყვიან, კომიტეტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, ჯერჯერობით ასეთი თანხმობა არ არსებობს. თუ უყრიან კენჭს და გადაწყვეტილებას მიიღებენ მათი ნება იქნება”, – განაცხადა მსხილაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარის პაატა კვიჟინაძის თქმით კი, პრეზიდენტს წარდგენილი კანდიდატების უკან გაწვევის უფლება არ აქვს.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის 2 ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურები 14 სექტემბერს წარუდგინა.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა 19 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა და რამდენიმე გამონაკლისი დაუშვა. ამ გადაწყვეტილებით, საერთაშორისო სანქციები არ შეიძლება შეეხოს საქართველოს მოქალაქეს თუ მის მიმართ ქართულ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი არ აქვს გამოტანილი. შედეგად, აშშ-ს მიერ სანქცირებულ ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს ბანკებში ანგარიშებზე წვდომა აღუდგება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას 19 სექტემბრის გადაწყვეტილების შემდეგ, სებ-ი დატოვეს სამმა ვიცე-პრეზიდენტმა – პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ, ასევე მრჩევლის პოზიცია დატოვა გიორგი ბაქრაძემაც.

ერთი დღით ადრე კი, 18 სექტემბერს, ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ-ფარცხალაძეს საბანკო აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება შეზღუდული ჰქონდა. ამის პასუხად “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ სებ-ის გადაწყვეტილება “პირდაპირ ეწინააღმდეგება“ საქართველოს კონსტიტუციას.

ცნობისთვის, 14 სექტემბერს აშშ-მ ახალი სასანქციო პაკეტის ფარგლებში “ქართველი-რუსი ოლიგარქი” ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა. მათივე ცნობით, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) აღნიშნულ ოლიგარქთან მუშაობდა, რათა გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ.

ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარ პროკურორად 2013 წლის 7 ნოემბერს დაინიშნა, ამავე წლის 30 დეკემბერს გადადგა.