ახალი ამბები

„ამქრის ბაღი“თელავში- ადგილი სადაც ოსტატების დალოცვის უძველესი რიტუალები იმართებოდა

ამქარი ერთი ან მონათესავე ხელობის ოსტატების გაერთიანების სახელი იყო შუა საუკუნეების ქალაქებში.

სხვადასხვა სახის ხელოსნების ამქრები XX საუკუნის დასაწყისშიც იყვნენ საქართველოს ქალაქებში, მათ შორის თელავშიც. XIX საუკუნეში და XX საუკუნის 20­-იან წლებამდე „ყადორის გორაზე“ მდებარე ე.წ. „ძველი გალავნის“ ტერიტორიაზე „ამქრის ბაღი“ მდებარეობდა. თელავში არსებული ამქრების დერციკების, დურგლების, მჭედლების, მეწვრილ მანეების, სირაჯების და სხვების. სალხინო ბაღები, „ამქრის ბაღი“ იმ დროინდელ თელავში რამდენიმე იყო.

ამ ბაღებში გაზაფხულზე, უმეტესწილად პირველ მაისს, ხდებოდა ამქრის წევრების შეკრება. ამ დღეს ხელოსნები იხდიდნენ ე.წ. „საღმრთოს“. „საღმრთო“ ქეიფი იმართებოდა ხელობის მითიური დამაარსებლის, მფარველის საპატივსაცემოდ.

პირველ მაისს თელავში არსებული ამქრის უფროსი დროშით გადიოდა ბაღში, სადაც იწყებოდა მუსიკალური საკრავის ­ზურნის დაკვრა. ეს იყო ნიშანი იმისა, რომ თელაველი ხელოსნები და ვაჭრები კეტავდნენ დარაბებს, დუქნებს, სახელოსნოებს, გროვდებოდნენ „ამქრის ბაღში“. ამ დღეს ასევე ხდებოდა შეგირდების ოსტატად დალოცვა, ანუ უფლების მიცემა, რომ მათ დამოუკიდებელ ხელოსნებად ემუშავათ. ამის შემდეგ ამქრის წევრები კი მართავდნენ ქეიფს.

საინტერესოა ახალი ოსტატების დალოცვის რიტუალი:

მომავალ ოსტატს გაშლილ ხალიჩაზე უნდა დაეჩოქა, დაჩოქილ პირს უსტაბაში, ანუ ამქრის წევრების მიერ არჩეული ამქრის ხელმძღვანელი ფეხზე წამოაყენებდა, წელზე ქამარს შემოარტყამდა, ოსტატად დასალოცი პირის ორივე ხელის ცერს მარცხენა ხელში დაიჭერდა, მარჯვენა ხელით ყურს აუწევდა და შემდეგი სიტყვებით მიმართავდა:

„რატომ აქამდის ხელობა არ გისწავლია, სად იყავ აქამდე?“ ­ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ ლოყაზე სამ სილას შემოჰკრავ და ამ მომენტიდან დალოცვილი პირი ნამდვილი ოსტატის სახელს ატარებდა და ოსტატის გვერდით ჯდებოდა. ამ წეს­ჩვეულებას ხელდასხმა ეწოდებოდა.

წყარო: თენგიზ სიმაშვილი