ზაფხულის განმავლობაში კახეთში უკანონო თევზჭერის 24 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვირითობის პერიოდში – 2023 წლის 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, უკანონო თევზჭერის 309 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 150 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
უკანონო თევზჭერის 24 ფაქტი დაფიქსირდა კახეთის რეგიონში. ბრაკონიერები უმეტეს შემთხვევაში იყენებდნენ ისეთ უკანონო თევზსაჭერ საშუალებებს, როგორიცაა სახლართი ტიპის ბადე, ელექტროშოკური აპარატი და სხვა. დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღკვეთეს ელექტროშოკური აპარატით თევზჭერის 28, სახლართი ტიპის ბადით – 188, ე.წ. ჩოგან-ბადით – 22 და ე.წ. გოდრით უკანონო თევზჭერის 19 ფაქტი. ასევე დალუქულია 6 ერთეული გასაბერი ნავი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის უკანონო თევზჭერის ფაქტების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია პრიორიტეტია. 2023 წლის 1 იანვრიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით, უკანონო თევზჭერის 499 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 161 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.