საქართველოში 5 ჰა-ზე მეტ მიწას მეურნეობათა მხოლოდ 1.5% ამუშავებს
საქართველოში ხუთ ჰექტარზე მეტ მიწას მეურნეობათა მხოლოდ 1.5% ამუშავებს. ამის შესახებ საუბარია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებულ სტრატეგიულ დოკუმენტში, „საქართველოს დაბალემისიიანი განვითარების გრძელვადიანი კონცეფცია 2023“.
დოკუმენტის თანახმად, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა წილი მთლიანი დასაქმების 19.8%-ს შეადგენს. დოკუმენტის თანახმად, სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულთა უმეტესი ნაწილი საკუთარ მეურნეობაში, მცირე მიწაზე მუშაობს.
საქართველოში მეურნეობათა 73.1% ერთ ჰექტარამდე მიწას ამუშავებს, 25% – ერთიდან ხუთ ჰექტარამდე და მხოლოდ 1.5% ამუშავებს ხუთ ჰექტარზე მეტ მიწას. მცირემიწიანობა აფერხებს მსხვილი სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარებას და მასშტაბის ეფექტით სარგებლობას.
2012 წელთან შედარებით, 2018 წელს ნათესი ფართობები 20%-ით შემცირდა. ყველაზე მეტად შემცირდა სიმინდით ნათესი ფართობები. მოსავლის ჯამური მოცულობის კლების მიუხედავად, მოსავლიანობა ერთ ჰექტარზე დადებითია თითქმის ყველა ერთწლიანი კულტურის პროდუქტიულობაში.