ლევან ხაბეიშვილმა გურჯაანში მოსახლეობას საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგა სახელწოდებით – „განულდეს საპენსიო სესხები“
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა, პარტიის წევრებთან ერთად, დღეს გურჯაანში საპენსიო რეფორმის კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობას საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგა სახელწოდებით – „განულდეს საპენსიო სესხები!“
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცნობით, ლევან ხაბეიშვილმა, მოსახლეობასთან შეხვედრისას, ადგილობრივების პრობლემები მოისმინა საპენსიო სესხებთან დაკავშირებით.
„არა მარტო გურჯაანში, არამედ მთელ საქართველოში სამუშაო ადგილები უდიდესი პრობლემაა. კონკრეტული ადამიანები, ვისაც ენერგია აქვთ და შრომა უნდათ, ამბობენ, რომ არ არსებობს სამუშაო ადგილები, სადაც კონკრეტულ ანაზღაურებას გამოიმუშავებენ და შეინახავენ ოჯახებს.
ამასობაში, ჩვენ ვნახეთ ადამიანები, რომლებსაც საპენსიო სესხი აქვთ აღებული და 1000-1500 ლარში 4000-4500 ლარს ახდევინებენ, პუტინის კარის ოლიგარქია ჩვენს პენსიონერებს ფაქტობრივად ახრჩობს. ჩვენ კონკრეტული შეთავაზებები გვაქვს, პირველი სამუშაო ადგილების შექმნა, რადგან ჩვენ გვჭირდება ბევრი მილიარდის ინვესტიცია. მეორე – ჩვენ ვამბობთ, რომ საპენსიო სესხი ყველა პენსიონერს უნდა გაუნულდეს.
ეს დღესვე რისი გაკეთებაც შეიძლება. ჩვენ ამ ადამიანებს ბევრს დაველაპარაკებით, ყველა მუნიციპალიტეტში ჩავალთ, სხვადასხვა ქალაქში. ეს ის რაიონია, სადაც წყალდიდობა მოხდა რამდენიმე კვირის წინ. ჩვენდა სამწუხაროდ ინფრასტრუქტურული სამუშაოების უდიდესი ნაწილი ჯერ კიდევ შეუსრულებელია. ამიტომ, გავაგრძელებთ მუშაობას და შრომას ჩვენი ხალხისათვის“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.