ხანძრებზე სწრაფი რეაგირების მიზნით, დედოფლისწყაროში, საგანგებო სიტუაციების სამსახურმა საველე შტაბი გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ხანძრების პრევენციისა და სწრაფი რეაგირების მიზნით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში საველე ოპერაციების შტაბი გახსნა.
კახეთის რეგიონში სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟების მობილიზება მარცვლეულის აღების პროცესს უკავშირდება, რასაც ხშირ შემთხვევაში მინდვრის ხანძრები ახლავს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის ხანძრების პრევენცია და დროული რეაგირება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
ზაფხულის სეზონზე, იზრდება ტყის და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი, რაც ხშირად გამოწვეულია მოქალაქეების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწებზე ცეცხლის დანთებით და დაუდევრობით. სახანძრო-სამაშველო სამსახურისთვის, მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია ღონისძიებების გაძლიერება როგორც ტექნიკური აღჭურვის, ასევე, მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლების კუთხით.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიჩინეთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვოთ ცეცხლის კერები უყურადღებოდ. დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში კი, დაუყოვნებლივ აცნობეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს.