თუშეთის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციამ, საძოვრების იჯარით გაცემის ხელშეწყობის პროექტის განხორციელება დაიწყო
თუშეთის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციამ, კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) მხარდაჭერით, დაიწყო თუშეთის ეროვნულ პარკის საძოვრების იჯარით გაცემის პროცესის ხელშეწყობის პროექტის განხორციელება.
პროექტის ფარგლებში თუშეთის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია დაეხმარება სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს და მის ტერიტორიულ ადმინისტრაციას – თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციას თუშეთის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში არსებული საძოვრების იჯარით გაცემის პროცესის სამართლიანად, ეფექტურად და ღიად წარმართვაში.
,,ასევე დაეხმარება ადგილობრივ მოსახლეობას გაიჯარებასთან დაკავშირებული ბიუროკრატიული საკითხების მოგვარებაში და ხელს შეუწყობს საძოვრების მდგრადი მართვის პრაქტიკის დანერგვაში.
საქართველოს კანონის „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ მოთხოვნათა მიხედვით დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ საძოვრების გაიჯარება ხდება პირდაპირი წესით, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის წარდგინების საფუძველზე.
ხშირ შემთხვევაში საძოვრების გამოყენება ხდება კოლექტიურად რამდენიმე მესაქონლის მიერ. სავარაუდოა, რომ ასეთ შემთხვევაში საძოვრის იჯარაზე პრეტენდენტი იქნება ყველა მათგანი. ასოციაცია შეეცდება დაგეხმაროთ მედიაციით ასეთ პირებს და შემოგთავაზოთ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით და მეწარმეთა შესახებ კანონით გათვალისწინებული სამეწარმეო გაერთიანებებად ჩამოყალიბება, მოგიმზადოთ შესაბამისი დოკუმენტები.
დაინტერესებულ პირებმა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შესაძლებელია მიმართოთ თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციას მისამართზე: ქვემო ალვანის კულტურის სახლის მე-3 სართული.
ადმინისტრაციასთან შეთანხმების შემდეგ, პროექტის ექსპერტები საზღაურის გარეშე დაგეხმარებიანთ გაიჯარებისთვის შესაბამისი დოკუმენტების მომზადებაში”,-აცხადებენ თუშეთის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციაში.