საგარეჯოში მცხოვრები კოსმეტოლოგის მიერ შექმნილი ხელნაკეთი სამკაულები
საგარეჯოში მცხოვრები ლიკა მჭედლიშვილი პროფესიით ფილოლოგი და კოსმეტოლოგია. ის ექვსი წელია რაც კოსმეტოლოგად მუშაობს. რამდენიმე წლის წინ ლიკამ ხელნაკეთი სამკაულების და სხვადასხვა ნივთების გაკეთება და ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვა დაიწყო.
ლიკა მჭედლიშვილი Knews.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ხელოვნება ბავშვობიდან უყვარდა და სწორედ ამიტომ, რამდენიმე თვის წინ ამ მიმართულებით დაიწყო საქმიანობა.

,,დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ინგლისური ფილოლოგიის სპეციალობით. შემდეგ რადიკალურად შევიცვალე პროფესია, შევისწავლე კოსმეტოლოგია და მე-6 წელია ვმუშაობ კოსმეტოლოგის პროფესიით. საგარეჯოში მაქვს ჩემი კოსმეტოლოგიური კაბინეტი და პარალელურად ვმუშაობ თბილისში ერთ-ერთ ესთეტიკის ცენტრში. ბავშვობიდან მიყვარდა ხელოვნება, ხელნაკეთი ნივთების შექმნა, ეზოს და ინტერიერის გაფორმება.
რამდენიმე თვის წინ დავიწყე ხელნაკეთი ნივთების დამზადება. პირველი ნამუშევარი იყო ნაძვის ხის სათამაშო, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. ამ წლების მანძილზე იმდენი ნამუშევარი დამიგროვდა, რომ 2018 წელს საგარეჯოში მქონდა ჩემი ხელნაკეთი ნამუშევრების პერსონალური გამოფენა’’,- განაცხადა ლიკა მჭედლიშვილმა.
ლიკა ხელნაკეთ ნივთებს ინტერნეტის საშუალებით ყიდის. მას აქვს სოციალურ ქსელში გვერდი, სადაც ნამუშევრების ფოტოებს დებს და საზოგადოებას აცნობს. ის ამ დროისთვის ხელნაკეთ სამკაულებს, ბროშებს, ნაძვის ხის სათამაშოებს, სუვენირებს ქმნის და ადგილობრივ ბაზარზე ყიდის.

,,ვამზადებ სხვადასხვა თემატიკის ნამუშევრებს, მინიატურებს, ეზოს და სახლის დეკორაციებს, საახალწლო დეკორაციებს და ნაძვის ხის სათამაშოებს, ვკერავ ნაჭრის თოჯინებს, თექისგან ვამზადებ ჩანთებს და აქსესუარებს. რამდენიმე თვის წინ გადავწყვიტე პროფესიონალურ დონეზე შემესწავლა ხელნაკეთი აქსესუარების დამზადება და მემუშავა ამ მიმართულებით.’’
ხელოვანი ამბობს, რომ მისთვის ხარისხი და კმაყოფილი მომხმარებელი მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ, ნამუშევრების დამზადებას პასუხისმგებლობით ეკიდება.
,,უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს ეს საქმიანობა, თითოეულ ნამუშევარში მთელ გულს და სულს ვდებ. მუშაობის პროცესში თითქოს სხვა სამყაროში გადავდივარ, ვუსმენ აუცილებლად კლასიკურ მუსიკას, რადგან მინდა ეს დადებითი მუხტი და ემოციები ჩავაქსოვო ნამუშევარში და ისე მივიტანო მომხმარებლამდე.
ეს საქმიანობა ძალიან შრომატევადია და ზოგიერთი აქსესუარის დამზადებას რამდენიმე დღე სჭირდება და ფასიც შესაბამისია. მიუხედავად იმისა, რომ ეს საქმიანობა არც თუ ისე დიდი ხანია რაც , მაქვს შეკვეთები და მინდა და ყოველთვის ვცდილობ ჩემი ნამუშევარი იყოს ყველასგან გამორჩეული, ვიზუალურად, შესრულების ტექნიკით. შეკვეთებს ვიღებ ფეისბუქ გვერდის ან ან ტელეფონის საშუალებით.
ვცდილობ ხშირად მივიღო მონაწილეობა გამოფენებში. აუცილებელია, რომ გაგიცნოს ფართო საზოგადოებამ, აუცილებელია სხვა ხელოვანების გაცნობა, იდეების და გამოცდილების გაზიარება. წინ დიდი და ამბიციური გეგმები მაქვს, ვაპირებ ამ მიმართულებით საკუთარი ბრენდის შექმნას’’,- აცხადებს ლიკა.


