ახალი ამბები

ფარმაცევტულ წარმოებასა და დისტრიბუციაზე კონტროლი მკაცრდება

ის ცვლილებები, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებების შემოწმების წესს ეხება, ფარმაცევტულ და მედიკამენტების დისტრიბუტორ კომპანიებზეც გავრცელდება, თუმცა არა – საცალო ქსელზე. შესაბამისად, აფთიაქების კონტროლის გამკაცრება არ იგეგმება. შესაბამისი განმარტება ამ საკითხის განხილვისას პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტზე გამოსვლისას, მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ გააკეთა.

ფარმაცევტულ სექტორს ამ მიმართულებით გარკვეული შეკითხვები აქვს.

ჯანდაცვის ასოციაციის იურისტი გიორგი აბაშიძე აცხადებს, რომ მარეგულირებელს ექნება უფლება, გარკვეული საფუძვლით შევიდეს საწარმოში ან დისტრიბუტორი კომპანიის ობიექტზე, თუმცა რა საფუძვლებზეა საუბარი, ეს სექტორისთვის უცნობია.

„არ ვიცით რა იქნება ეს საფუძველი, თუმცა ეს ჩაიწერება კანონში და მთავრობის მიერ გაიწერება, როგორ უნდა მოხდეს საწარმოში შესვლა,“ – განაცხადა აბაშიძემ.

კორექტივების თანახმად, რომელიც ჯანმრთელობის შესახებ კანონში ინიცირებული კანონპროექტის პირველად ვერსიაში შევიდა, რეგულირების სააგენტოს კლინიკაში შესამოწმებლად შესვლის უფლება გაუფრთხილებლად, დღე-ღამის ნებისმიერ დროს ექნება, როგორც ეს პროექტის თავდაპირველ რედაქციაში იყო გათვალისწინებული, თუმცა, ცვლილების მიხედვით, მაკონტროლებელი დაწესებულებში შესვლის პარალელურად შემოწმების დაწყების შესახებ სასამართლოს აცნობებს, რომელმაც 72 საათის განმავლობაში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. თუ სასამართლო ჩათვლის, რომ შემოწმება უსაფუძვლოა, მონიტორინგი შეჩერდება.