ქვეყანაში წყალმომარაგების ქსელზე მოსახლეობის 71.5%-ია მიერთებული – საქსტატი
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული წყალმომმარაგებელი საწარმოების გამოკვლევის 2022 წლის შედეგების მიხედვით, ქვეყანაში წყალმომარაგების ქსელზე მთლიანი მოსახლეობის 71.5%-ია მიერთებული.
გამოკვლევის შედეგებში აღნიშნულია, რომ 2022 წელს საქართველოში წყალმომარაგებით საქმიანობას 27 საწარმო ახორციელებდა, რომელთა მიერ შინამეურნეობებისთვის მიწოდებული წყლის მოცულობამ 208 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა, რაც 1.0%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე (210.1 კუბური მეტრი).
2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, წყალმომარაგების სისტემაზე 2.67 მილიონი ადამიანი (მთლიანი მოსახლეობის 71.5%) იყო მიერთებული, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (2.63 მილიონი ადამიანი) 1.6%-ით აღემატება.
გასული წლის განმავლობაში გაიზარდა ასევე წყალარინების (კანალიზაციის) ქსელზე მიერთებული მოსახლეობის რიცხოვნობაც, რამაც 1.96 მილიონი ადამიანი შეადგინა, ანუ მთლიანი მოსახლეობის 52.4%. ეს კი 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (1.90 მილიონი) 3.1%-ით აღემატება.
2022 წელს ჩამდინარე წყლის გამწმენდ ნაგებობაზე მიერთებული მოსახლეობის რიცხოვნობამ შეადგინა 1.49 მილიონი (მთლიანი მოსახლეობის 39.8%), რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (1.36 მილიონი) აღემატება 9.6%-ით.