საქართველოში 2022 წელს 1 მილიონზე მეტ ადამიანს სასმელი წყალი არ მიეწოდებოდა
საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში წყალმომარაგების სისტემაზე 2.67 მლნ ადამიანი იყო მიერთებული, რაც 1.6%-ით აღემატება 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (2.63 მლნ ადამიანი).
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ქვეყანაში სასმელი წყლით მთლიანი მოსახლეობის 71.5% იყო უზრუნველყოფილი. ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 3.73 მლნ-ს აღემატება, შესაბამისად, სტატისტიკური მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ გასულ წელს ქვეყანაში 1 მლნ-ზე მეტ ადამიანს სასმელი წყალი არ მიეწოდებოდა.
2022 წელს წყალმომარაგებით საქმიანობაში 27 საწარმო იყო ჩართული. კომპანიების მიერ შინამეურნეობებისთვის მიწოდებული წყლის მოცულობამ 208 მლნ კუბური მეტრი შეადგინა, რაც 1%-ით ნაკლებია 2021 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
რაც შეეხება კანალიზაციის სისტემას, 2022 წელს წყალარინების ქსელზე 1.96 მლნ ადამიანი (მთლიანი მოსახლეობის 52.4%) იყო მიერთებული, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (1.90 მლნ) 3.1%-ით აღემატება.
ამასთან, გასულ წელს ჩამდინარე წყლის გამწმენდ ნაგებობაზე მიერთებული მოსახლეობის რიცხოვნობამ 1.49 მლნ (მთლიანი მოსახლეობის 39.8%) შეადგინა. მაჩვენებელი წლიურად 9.6%-ითაა გაზრდილი.