დროებით უნდა ჩაიკეტოს საზღვრები რუსეთთან, საფრთხე რეალურია – გახარია
ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მთავრობას მოუწოდებს რუსეთთან საზღვარი დროებით ცალმხრივად ჩაკეტოს.
“მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, მოიწვიოს უსაფრთხოების საბჭო და დაიცვას ქვეყნის ინტერესები! არაპროგნოზირებადი ვითარების გათვალისწინებით და სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დროებით ჩაიკეტოს საზღვრები რუსეთთან. საფრთხე რეალურია! საქართველოს სახელმწიფო საზღვარი – ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ყველაზე ახლო წერტილია გამწვავების ზონასთან. მშვიდობის შენარჩუნებისთვის დროულად მოქმედებაა საჭირო”,-წერს გახარია Facebook-ზე.
რუსეთში ვითარება 23 ივნისს დაიძაბა, როცა კერძო სამხედრო კომპანიის დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დაადანაშაულა მათ დანაყოფზე სარაკეტო თავდასხმაში. პრიგოჟინის მტკიცებით, ამ თავდასხმას „ვაგნერის“ რიგებში დიდი მსხვერპლი მოჰყვა. პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლით დაიძრა, რათა აღადგინოს სამართლიანობა. დღეს დილით “ვაგნერის” ოფიციალურ ტელეგრამ არხზე პრიგოჟინის მიმართვა გავრცელდა, სადაც ამტკიცებს, რომ როსტოვში სამხედრო ობიექტებზე კონტროლი დაამყარა.